
„სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებათა კანონპროექტით, რომელიც მოწმეთა გამოკითხვა/დაკითხვის წესს არეგულირებს, მოწმის გამოკითხვა ნებაყოფლობითი პროცედურა ხდება, დაკითხვა კი მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ხდება შესაძლებელი.
საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, უქმდება კანონის ძველი ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, საგამოძიებო ორგანოში ჩვენების მიცემის მიზნით გამოსაკითხად დაბარებული მოწმე ვალდებულია, გამოცხადდეს და ჩვენება მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სს პასუხისმგებლობაში მიეცემა.
კანონპროექტი საგამოძიებო ორგანოებთან მოწმის ურთიერთობას ნებაყოფლობითს ხდის, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ენიჭება უფლება, გამოკითხვის ეტაპზე გამომძიებელს ან დაცვის მხარის წარმომადგენელს ინფორმაცია სურვილისამებრ მისცეს.
კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ მეორე მხრივ, შესაძლოა, მოწმე არაკეთილსინდისიერად არიდებდეს თავს გამოძიებასთან თანამშრომლობას, ამდენად, მნიშვნელოვანია, მის მიერ ჩვენების მიცემაზე ვალდებულების დაკისრების მექანიზმი არსებობდეს, რაც მაგისტრატი მოსამართლის წინაშე წარდგენასა და მისი სავალდებულო წესით დაკითხვას გულისხმობს.
კანონპროექტი ბრალდების მხარეს ანიჭებს უფლებას, შუამდგომლობით მიმართოს მაგისტრატ მოსამართლეს და მის წინაშე მოწმის სახით დაკითხოს პირი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია დანაშაულისნ შესახებ, მაგრამ უარს ამბობდეს ამ ინფორმაციის მიცემაზე გამოძიების ორგანოსთვის.
გამოკითხვა
სს საპროცესო კოდექსს ემატება ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, გამოსაკითხ პირს ენიჭება უფლება, არ გასცეს ინფორმაცია არამხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ახლო ნათესავის წინააღმდეგაც. ამასთან, მითითებულია, რომ დაუშვებელია გამოსაკითხი პირი აიძულონ, წარმოადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია.
განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ გამოსაკითხმა პირმა სათანადო განმარტება უნდა მიიღოს გამოკითხვის დაწყებამდე იმის შესახებ, რომ გამოკითხვა ნებაყოფლობითია.
„გამოკითხვის ჩამტარებელი მხარე ვალდებულია, გამოსაკითხი პირი წერილობით გააფრთხილოს ცრუ დასმენისთვის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის მიწოდების/ჩვენების მიცემისთვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ“ - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში. გამოკითხვაზე უარის მიღების შემთხვევაში, თუკი გამოკითხვას ბრალდების მხარე ატარებს, იგი უფლებამოსილია, გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ ეს უკანასკნელი შესაძლოა დასაკითხად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარონ.
აქვე აღნიშნულია, რომ გამოკითხვაზე როგორც თანხმობის, ისე უარის შემთხვევაში, გამოსაკითხი პირი ვალდებულია, გამომკითხველს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს მისი პირადი მონაცემების შესახებ; გამოკითხვაზე თანხმობის შემთხვევაში კი გამოსაკითხი პირი ვალდებულია, გამოკითხვის ჩამტარებელ მხარეს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებების შესახებ.
გამოძიების დროს დაკითხვის წესი
მოწმედ დაკითხვის თაობაზე მაგისტრატ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავს პროკურორი, ან, მისი დავალებით - გამომძიებელი.
კანონპროექტით, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოსაკითხი პირის მოწმედ დაკითხვა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომლითაც ობიექტური პირი დაასკვნიდა, რომ რომ მესამე პირი საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაციას ფლობს, ან, თუ ეს პირი უარს აცხადებს გამოკითხვაზე.
„ამ საგამოძიებო მოქმედებას, რომელიც მოსმართლის თანდასწრებით ტარდება, დაცვის მხარე არ ესწრება, რაც შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან იმ დათქმით, რომ პროცესის მომდევნო სტადიაზე დაცვის მხარეს ექნება ამგვარი მოწმის ჩვენების დაუშვებლად ცნობის მოთხოვნის და მისი სრულად დაკითხვის საშუალება“ - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
პროექტის ავტორები განმარტავენ, რომ დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოწმის დაკითხვა სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვიდან გონივრულ ვადაში უნდა მოხდეს, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა. აღნიშნული ვადა დაკითხვის ინიციატორ მხარესთან შეთანხმებით შეიძლება გაგრძელდეს, თუ მოწმე დადგენილ ვადაში საპატიო მიზეზით ვერ ცხადდება სასამართლოში.
„დაუშვებელია მოწმის დაკითხვა ღამით. დაღამების გამო დაწყებული დაკითხვა უნდა შეწყდეს და გადაიდოს მეორე დღისთვის“ - ვკითხულობთ კანონპროექტში.
იმ შემთხვევაში თუ მხარე დაკითხვის შესახებ შუამდგომლობაზე უარს მიიღებს, მაგისტრატი მოსამართლის განჩინების გასაჩივრება ერთჯერადად, 24 საათში, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაშია შესაძლებელი. აღნიშნულ საჩივარს მოსამართლე ერთპიროვნულად განიხილავს შეტანიდან არაუგვიანეს 24 საათში. დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოწმის დაკითხვა უნდა დაიწყოს გონივრულ ვადაში, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინების გადაცემიდან არაუგვიანეს 24 საათში. ამ ვადის გახანგრძლივებაზე იგივე სტანდარტი მოქმედებს, რაც ზემოაღნიშნულ შემთხვევაში - თუკი მოწმე დადგენილ ვადაში საპატიო მიზეზით ვერ ცხადდება სასამართლოში.
კანონპროექტის თანახმად, გამოძიების დროს დაკითხვის წესი ბრალდებულზე არ ვრცელდება.
დაუშვებელი მტკიცებულება
კანონპროექტით, თუკი დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მოწმე მაგისტრატი მოსმართლის წინაშე კანონის არსებითი დარღვევით დაიკითხა, იგი უფლებამოსილია, წინასასამართლო სხდომაზე მოწმის ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შუამდგომლობა დააყენოს.
დაცვის მხარეს ეძლევა შესაძლებლობა, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხული ბრალდების მოწმე სრულად დაკითხოს და კითხვის ქვეშ დააყენოს მისი ჩვენების სანდოობა.
„მოწმის მხრიდან წინააღმდეგობრივი ჩვენებების არსებობის დასადასტურებლად მხარეს უჩნდება შესაძლებლობა, მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან გამოძიებისას მაგისტრატი მოსმართლის წინაშე მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, ასევე, მისი აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა. ... თუკი არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოწმე აიძულეს, დაემუქრნენ, დააშინეს ან მოისყიდეს და მიცემულ ჩვენებაში არსებითი წინააღმდეგობებია, ცვლილების შესაბამისად, მხარეს ამგვარი მოთხოვნის უფლება ყველა შემთხვევაში აქვს, ხოლო მოსამართლე, თავის მხრივ, ვალდებულია დააკმაყოფილოს მხარის მიერ დაყენებული აღნიშნული მოთხოვნა“ - ვკითხულობთ განმარტებიტ ბარათში.
ავტორები განმარტავენ, რომ კანონპროექტი სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს, რომელიც განმარტავს, რომ დაცვის მხარეს არ აქვს უსაზღვრო და აბსოლუტური უფლება, დაიბაროს და დაკითხოს მისთვის სასურველი ნებისმიერი მოწმე. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სტრასბურგის სასამართლო შიდა სასამართლოებს უტოვებს დისკრეციას, თავად განსაზღვრონ, თუ რომელი მოწმე უნდა დაიბარონ სასამართლოში ჩვენების მისაცემად და რომელი - არა.
რაც შეეხება გამოძიებისას მოწმის მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვაზე დაცვის მხარის დაწრებას, კანონპროექტით, ეს უკანასკნელი არ ესწრება დაკითხვას, მაგრამ მას არა მხოლოდ ხელი მიუწვდება მოწმის დაკითხვის ოქმზე, არამედ, წინასასამართლო სხდომაზე შეუძლია დააყენოს შუამდგომლობა მაგისტრატი მოსმართლის წინაშე დაკითხული მოწმის ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე კი უფლება აქვს, ჯვარედინი წესით დაკითხოს იგივე მოწმე.
განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ გამოკითხვის თუ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის ფარგლებში გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაცია არ შეიძლება გახდეს ერთადერთი საკმარისი მტკიცებულება გამამტყუნებელი განაჩენისთვის.
საგამონაკლისო წესი
საგამონაკლისო წესი რიგ შემთხვევებში კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების ორი წლით გადავადებას ითვალისწინებს:
„ამ დანაშაულებებს მიეკუთვნება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, აგრეთვე, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ზოგიერთი დანაშაული, ტერორიზმი, აგრეთვე, ცალკეული დანაშაულები, რომლებიც ძალადობრივი გზით არის ჩადენილი და ქმნის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ან სახელმწიფოს ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს. ამ შემთხვევაში აუცილებელია, გამოძიების სტადიაზე შესაბამისი ორგანოები არ იყოს შეზღუდული მოწმის მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის შესაძლებლობით“ - ვკითხულობთ კანონპროექტში, - ვინაიდან მოწმის დაკითხვის მყისიერად განუხორციელებლობამ შესაძლოა, მტკიცებულებათა განადგურების, შემთხვევის ადგილის დაზიანებისა და მოწმეთა მიმალვის საფრთხე შექმნას და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბერკეტები შეასუსტოს.