„სიტყვა „ქორწინება“ შეუფერებელია იმ არასრულწლოვანი გოგონების მდგომარეობის აღსანიშნავად, რომლებიც მშობლებმა ეკონომიკური გაჭირვებისა თუ ტრადიციების გამო, ფაქტობრივად, სახლიდან გააგდეს, გაათხოვეს, გაასხვისეს“, - დღეს ქალთა მოძრაობის ორგანიზებით, კანცელარიასთან ადრეული ქორწინების საწინააღმდეგო პერფორმანსი გაიმართა.
პერფორმანსში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები, რომელთაც საკლასო ოთახის იმიტირებული შოუ წარმოადგინეს.
„საქართველოში სტატისტიკურად ძალიან დიდია ადრეული ქორწინებები. მაგალითად, ჩემი კლასელი, რომელთანაც შარშან წრეში ბურთს ვთამაშობდი, დღეს უკვე გათხოვილია და ამის გასაპროტესტებლად მივიღე მონაწილეობა ამ პერფორმანსში“, - უთხრა „ლიბერალს“ 14 წლის მარიამმა.
აქციის მონაწილეების თქმით, ის დამოკიდებულება, რომელიც დღეს ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით საქართველოშია, გზას უჭრის მათ, მიეცეთ განვითარების საშუალება უზღუდავს ყველანაირ პერსპექტივას.
„გარდა განვითარების პერპექტივისა, ხშირად ძალადობის მსხვერპლნიც არიან და დღეს აქ, ზუსტად ამის გასაპროტესტებლად მოვედი“, - აღნიშნა „ლიბერალთან“ საუბარში აქციის მონაწილემ, აჩიკო ქინქლაძემ.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, თბილისსა და საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში ადრეული ქორწინების საწინააღმდეგო აქციები გაიმართა. ქალთა მოძრაობა სახელმწიფოსგან კანონის გამკაცრებასა და მსგავს ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას მოითხოვს.
25 ნოემბერს პარალელურად აქციები გაიმართა ქუთაისში - ოპერის თეატრის წინ, 14:00 საათზე; გორში - თეატრის ბაღი, 14:00 საათზე; ბათუმში - ვარდების ბაღი, 15:00 საათზე; ახალციხე - ცენტრალური პარკი, 14:00 საათზე; ახალქალაქში - ცენტრალური პარკი, 14:00 საათზე; გარდაბანში - კულტურის სახლის წინ, 14:00 საათზე; ზუგდიდში - ცენტრალური ბულვარი, 14:00 საათზე; თელავში - თეატრის წინ, 14:00 საათზე; მარნეულში - კულტურის სახლის წინ, 14:00 საათზე; ოზურგეთში - თეატრის წინ, 14:00 საათზე; ქობულეთში - გამგეობის წინ, სკვერში 15:00 საათზე; დუისიში, პანკისის ხეობა - საზოგადოებრივი ცენტრი (კლუბი), 14:00 საათზე; ბორჯომში - რუსთაველის მოედანი, 14:00 საათზე.
„საქართველოში, ყოველდღე 4 არასრულწლოვანი გოგონა ხდება დედა. საგანგაშოა სტატისტიკა, რომლის მიხედვით, 2011 წლიდან 2013 წლის იანვრამდე, 7367-მა გოგონამ მე-7-9 კლასში განათლების მიღება შეწყვიტა, დიდწილად ადრეული ქორწინებისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. საქართველოს კანონმდებლობით, ქორწინებისთვის დასაშვები ასაკი 18 წელია “, - ამბობენ აქციის ორგანიზატორები.