Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზაქარეიშვილი: ფრაზა, რომელიც გავრცელდა, არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი

30 ნოემბერი, 2015 16:34

„ფრაზა, რომელიც გავრცელდა, კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი. ეს არის დიდი ციტატის ნაწილი, სადაც მკაფიოდ ვამბობ, რომ საქართველოს საბჭოთა კავშირის შემდეგ აფხაზებთან ერთ სახელმწიფოში, ერთ პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ სივრცეში ყოფნის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია“, - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „იმედის" ეთერში განმარტავს თავის ფრაზას, რომელსაც ოპონენტებმა ანტისახელმწიფოებრივი უწოდეს.

მისი თქმით, ეს არ ყოფილა განცხადება, ეს იყო კომენტარი „კავკასიური სახლის“ ინიციატივით მოწყობილ კონფერენციაზე დასმული შეკითხვის პასუხად. ზაქარეიშვილის თქმით, კონფერენციას ესწრებოდნენ ჟურნალისტები და ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, მათი ხელისუფლებისდროინდელი მაღალჩინოსნები.

„იყო მსჯელობა, როგორ ვხედავთ კონფლიქტების მოგვარების გზებს. როცა ამის შესახებ კითხვას მისვამენ, მე ვამბობ, რომ როცა აღდგება ნდობა, ძალაში შევა ეკონომიკური ურთიერთობები, მხარეებს შორის უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების საკითხები, ამის შემდეგ ბოლო ეტაპად ვხედავ მოგვარებას და არა მარტო მე. ენმ-ის წარმომადგენლები, იგივე კოტე კუბლაშვილი, დათო დარჩიაშვილი, დავით ბაქრაძე, როცა ერთად ვწერდით ხოლმე კონცეპტს, ჩვენ მაშინ ერთად ვხედავდით ამას. კანდელაკი მაშინ სად იყო, არ ვიცი, მე მას საერთოდ არ ვიცნობ“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

მინისტრი აღნიშნავს, რომ მთავარია ახალი სისტემის შემუშავება.

„ჩვენ გვჭირდება შევიმუშაოთ ახალი, რადგან ჩვენ არ გვჭირდება საბჭოთა კავშირი. ეს დავივიწყეთ, რუსეთმა აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა და ეს მიუღებელია მსოფლიოსთვის. ჩვენ გვინდა შევიმუშაოთ ერთი სისტემა, სადაც აფხაზეთთან ერთად ერთ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ. საქმე ისაა, რომ სახელმწიფოს კედლები ჩვენ გვაქვს, მაგრამ შიგნით ოთახების მოწყობა  - არა“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღნიშნულ ფრაზასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„აღნიშნული განცხადება არა მხოლოდ ღრმად არაკომპეტენტურია და ადასტურებს რომ მას, როგორც მთავრობის წევრს, საკუთარი ფუნქციები არ ესმის, არამედ კიდევ ერთხელ თვალნათლივ წარმოაჩენს რომ ივანიშვილის გუნდს არ აქვს საქართველოს მომავლის არც ხედვა და არც რწმენა. იმის ნაცვლად რომ უპირისპირდებოდეს რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ პროპაგანდას საერთაშორისო ასპარეზზე, ცდილობდეს მრავალეთნიკური, ევროპული და სამოქალაქო ინდენტობის მქონდე საქართველოს იდეის წინ წამოწევას, გვესმის რაღაც ფსევდო ფილოსოფიური მსჯელობა და ქადაგება ბედთან შეგუებაზე. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ის რომ საოკუპაციო ხაზი ყოველდღე იწევა და რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ეთნიკური ქართველების უფლებები მუდმივად ირღვევა ოკუპანტების მიერ ყოველგვარი პოლიტიკური ფასის გადახდის გარეშე. დღეისათვის ეთნიკური წმენდის და დევნილთა დაბრუნების საკითხი ივანიშვილის გუნდის საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებისთვის საზიანო საქმიანობის შედეგად საერთაშორისო დღის წესრიგიდან ფაქტიურად მოხსნილია.

საქართველოს მთავრობის წევრის მიერ გაკეთებული ეს განცხადება არის უაღრესად სახიფათო რადგან იმეორებს ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ შეთხზულ ლეგენდას თითქოს თანამედროვე ეპოქაში საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის მოხვედრა საბჭოთა კავშირის „დამსახურებაა“. ამ ლეგენდის მიზანი კი საქართველოს სუვერენიტეტის დელეგიტიმაციაა. რუსეთის და მისი მარიონეტების მიერ სწორედ ეს ლეგენდა გამოიყენებოდა 1992-1993 წლებში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომის და აფხაზეთში განხორიელებული ეთნიკური წმენდის გასამართლებლად.

გასაკვირი არაა, რომ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ყაზანის უმაღლეს პარტიულ სკოლაში, რომელიც ბ-ნმა ზაქარეიშვილმა მეცნიერული კომუნიზმის განხრით დაამთავრა, საქართველოს ისტორიას იგი საფუძვლიანად ვერ შეისწავლიდა. მიუხედავად ამისა, ამგვარი პრინციპულად მცდარი და საქართველოს სუვერენიტეტისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი განცხადებების გაკეთება საქართველოს მთავრობის წევრის მიერ ყოვლად დაუშვებელია, მითუმეტეს რომ სიმართლე ამ ლეგენდის ზუსტად საპირისპიროა:

როგორც დე-იურე ასევე დე ფაქტო აფხაზეთზე საქართველოს სუვერენიტეტი ვრცელდებოდა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციამდე და მას შემდეგაც. კერძოდ, აფხაზეთის ტერიტორიას სრულად აკონტროლებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921 წლებში. საქართველო რუსეთის საზღრვად მდ. ფსოუ რუსეთის მიერვეა აღიარებული 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით რომელიც საქართველო- რუსეთის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი საფუძველი და საერთაშორისო სამართლის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია. ამდენად საბჭოთა პროპაგანდის გავრცელებული მითი რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში სტალინმა „ჩართო“ უბრალოდ ტყუილია - მათ შორის იმიტომ რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოცემული ყველა აქტი და „კონსტიტუცია“ - რომლებზეც ოკუპანტები და მათი მარიონეტები ახდენდნენ აპელირებას - საერთაშორისო სამართლისთვის უკანონოა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დემოუკიდებლობის აღდგენიდან 1993 წლის სექტემბერ-ოქტომბერში რუსეთის ფედერაციის მიერ ჩატარებული ეთნიკური წმენდის მომენტამდეც საქართველოს იურისდიქცია აფხაზეთში ვრცელდებოდა.

მოცემული განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს რომ საქართველოს მთავრობის საქმიანობის შედეგად საქართველოს ინტერესები უკლებლივ ყველა სფეროში, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების და სუვერენიტეტის მხრივ, ზიანდება. სწორედ ამიტომ, მთავრობა უნდა გადადგეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^