სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გამოიკვეთა რამდენიმე პირი, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ იდეოლოგიას ემხრობიან.
მათი ინფრომაციით, გამოძიების ფარგლებში, 2015 წლის 18 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შესახებ განჩინება გასცა. 29 ნოემბერს კი ყველა მითითებულ მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა.
„ჩხრეკის შედეგად ოთხი პირის საცხოვრებელი სახლებიდან ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და ცილინდრული ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს. ასევე ამოღებულია მობილური ტელეფონები, სხვადასხვა მობილური ოპერატორების სიმ-ბარათები, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერული მოწყობილობები, ინტერნეტ-მოდემები, ნოუთბუქები, სხვადასხვა ლიტერატურა, ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, CD და DVD დისკები და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ მიკუთვნებული დროშები. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის და შსს-ს თანამშრომლებმა ოთხი პირი: ჯამბულ ა, მირიან ბ, გია ბ. და ლაშა გ. დააკავეს. აღნიშნულ პირებს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით", - აცხადებს სუს-ი.
მათივე განცხადებით, დაკავებული პირების ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტის დასადგენად საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
საქმეზე გრძელდება შემდგომი გამოძიება ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირზე მყოფი სხვა პირების მხილებისა და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.