გაეროს გენერალური მდივანი მსოფლიოს მთავარი დიპლომატია, მაგრამ თუ ვინ დაიკავებს ამ თანამდებობას მსოფლიოს უმეტეს ნაწილზე რეალურად დამოკიდებული არ არის. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ვეტოს მფლობელი 5 მუდმივი წევრი - ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი და აშშ.
მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ არჩევნებამდე წელიწად-ნახევარია დარჩენილი, მსოფლიო ლიდერებმა უკვე დაიწყეს კანდიდატურების წარდგენა ბან კი მუნის ადგილის დასაკავებლად. ამ ეტაპზე კანდიდატებს შორის აშკარა ლიდერი გამოკვეთილი არ არის. დიპლომატები საუბრობენ ლიტვის პრეზიდენტზე, რამდენიმე ყოფილ პრემიერ-მინისტრზე ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან, პრეზიდენტებსა და საგარეო საქმეთა მინისტრებზე ლათინოამერიკული ქვეყნებიდან.
„5 მუდმივ წევრს კანდიდატების წინააღმდეგ ხმის მიცემის უდიდესი ძალაუფლება აქვს და, მიუხედავად მომხრეთა რაოდენობისა, კანდიდატი გაბათილებულია“, - ამბობს შაში თარური, ინდოელი კანონმდებელი, რომელიც 2006 წელს გენერალური მდივნის პოზიციაზე იყო წარდგენილი, მაგრამ აშშ-მ მის კანდიდატურას ვეტო დაადო. მაშინ ბან კი მუნი აირჩიეს, სამხრეთ კორეელი მინისტრი, რომელმაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო კამპანია აწარმოა ამ პოზიციის დასაკავებლად.
იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის წინააღმდეგ მუდმივი წევრებიდან არც ერთი არ გამოიყენებს ვეტოს, გენერალური მდივნის ასარჩევად გაეროს უშიშროების საბჭოში 9 ხმა საკმარისია.
გაეროს მთავარი დიპლომატის ასარჩევად დადგენილი წესები და კრიტერიუმები არ არსებობს. ყველაფერი, რაც ამ არჩევის წესს ეხება, ერთი წინადადებითაა გამოხატული გაეროს ქარტიის 97-ე მუხლში: „გენერალური მდივანი უნდა დაინიშნოს გენერალური ასამბლეის მიერ უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით“.
ტრადიციულად, გენერალური მდივნის თანამდებობაზე 5 რეგიონული ჯგუფის წარმომადგენლები ნომინირებენ: დასავლეთ ევროპის ჯგუფი; აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფი; ლათინოამერიკული და კარიბის ჯგუფი; აზიისა და წყნარი ოკეანის ჯგუფი; აფრიკის ჯგუფი. კანდიდატურები ამ რეგიონების არაფორმალური როტაციის ხარჯზე შეირჩევა. აღმოსავლეთ ევროპა ერთადერთია, რომლის წარმომადგენელიც არასდროს გამხდარა გენერალური მდივანი. სწორედ ამიტომ, ანალიტიკოსების უმეტესობა შემდეგ მთავარ დიპლომატს ამ რეგიონიდან ელოდება.
ზემოთ აღნიშნული რეგიონიდან ამ ეტაპზე კანდიდატები არიან: ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე და 2 ბულგარელი - UNESCO-ს აღმასრულებელი დირექტორი ირინა ბოკოვა და მსოფლიო ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი კრისტალინა ივანოვა გეორგიევა.
როგორც გაეროს წარმომადგენლები საუბრობენ, „ნებისმიერი კანდიდატი აღმოსავლეთ ევროპიდან განიხილება როგორც ზედმეტად დაახლოებული დასავლეთთან ან რუსეთთან. ეს კანდიდატები განწირულები არიან“.
რუსეთი ვეტოს მუდმივად ადებს ისეთ კანდიდატებს, რომლებიც ან წარმოშობით არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ან ზედმეტად დაახლოებულები დასავლეთთან. ამ შემთხვევაში ეს კრისტალინა ივანოვა გეორგიევას შეეხება.
„უკვე დროა, გაეროს გენერალური მდივანი ქალი გახდეს“, - ამბობს ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯონ ქეი.
წყარო: Foreign Policy