„დიდი ნაბიჯებით შიდსის დამარცხებისკენ“ - ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც გაეროს შიდსის პროგრამის ფარგლებში შიდსთან საბრძოლველად 2015 წლიდან დაიწყო. პროგრამა მიზნად ისახავს 2030 წლისათვის შიდსის ეპიდემიის ელიმინაციის მისაღწევად მსოფლიო მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებების გაფართოებას და დაჩქარებას.
კამპანიის ფარგლებში „დიდი ნაბიჯები“ გულისხმობს:
2020 წლისთვის:
მკურნალობას 90-90-90, რაც მიზნად ისახავს: ახალი ინფექციების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 500 000-ს წელიწადში; აივ ინფიცირებულთათვის დისრკიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შექმნას;
2030 წლისთვის:
მკურნალობა - 95-95-95, ახალი ინფექციების რაოდენობა არ აღემატებოდეს 200 000-ს წელიწადში; აივ ინფიცირებულთათვის შენარჩუნდეს დისრკიმინაციისგან თავისუფალი გარემო;
რაც შეეხება ამ კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობას, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 2015 წლის 20 ნოემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 5,331 შემთხვევა. ინფიცირებულთაგან 3,932 მამაკაცია, 1,399 - ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება.
ცენტრის ინფორმაციით, ინფექციის გადაცემის გზებს შორის წამყვანია ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარება (48.6%) და დაუცველი სქესობრივი კავშირი (50.2%), მათ შორის 7.6% -ჰომოსექსუალური კავშირი.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, შიდსი რჩება განუკურნებელ დაავადებად, მაგრამ ის ქრონიკულ, მართვად ინფექციად გადაიქცა.
„თუ პაციენტი დროულად მიმართავს ექიმს და იმკურნალებს, პრაქტიკულად, მისი სიცოცხლე და ცხოვრების ხარისხი გარანტირებულია. ეს ძალიან დიდი მიღწევაა, სულ რაღაც 10-15 წლის წინ შიდსი ფატალურ დაავადებად მიიჩნეოდა და მისი დიაგნოზი უცილობელი სიკვდილის მომასწავებელი იყო“, - ამბობს ცერცვაძე.
მისი თქმით, საქართველო წლების განმავლობაში მთელი რიგი მაჩვენებლებით ლიდერი ქვეყანა იყო და ამის შედეგი არის ის, რომ საქართველო ერთ-ერთი მცირეთაგანია, რომელმაც თავიდან აირიდა შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით.
„სადღეისოდ საქართველო კვლავ მყარად ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპაში და საერთოდ ევროპაში შიდსით ავადმყოფი პაციენტების მკურნალობისა და მოვლის თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ბოლო წლებში დავთმეთ პოზიციები აივ შიდსით ავადმყოფების გამოვლენის თვალსაზრისით, რამაც განაპირობა ის ფაქტი, რომ საქართველოში ჯერაც აღინიშნება ნელი, მაგრამ მაინც სტაბილური მატება ახალი შემთხვევებისა და ქვეყანამ ვერ მიღწია ეპიდემიის შეჩერებას და უკუგანვითარებას“, - ამბობს ცერცვაძე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, აღნიშნულ გამოწვევებზე საპასუხოდ სახელმწიფომ გარკვეული ღონისძიებები შეიმუშავა.
მისი თქმით, C ჰეპატიტის ვირუსზე ადამიანების სკრინინგის პროცესში ასევე ჩართეს ანალიზები აივ შიდსის ინფექციაზე.
„ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ ნაადრევ გამოვლენას, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ასევე ნაადრევად ვუმკურნალოთ ამ პაციენტებს“, - ამბობს გამყრელიძე.
რაც შეეხება მკურნალობას, აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობა საქართველოში გლობალური ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. თუმცა ორგანიზაციამ რეგიონიდან ეტაპობრივად გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხალია ამბობს, სახელმწიფო ეტაპობრივად, სრულად აიღებს თავის თავზე როგორც სამკურნალო, ისე პრევენციული ღონისძიებების დაფინანსებას.
მისი თქმით, სახელმწიფო უკვე მუშაობს აივ/შიდსის პროგრამირების ფარგლებში გარდამავალ გეგმაზე, თუ როგორ უნდა გაიზარდოს სახელმწიფოს დაფინანსების წილი როგორც მკურნალობის ასევე პრევენციის მხრივ.
„ლიბერალთან“ საუბრისას „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წარმომადგენელი“ მედეა ხმელიძე დაავადების დროულად გამოვლენის მნიშვნელობაზე საუბრობს და საზოგადოებას მოუწოდებს, დროულად ჩაიტარონ ანალიზი.
„ძალიან დიდი ხანია, როდესაც აივ ინფექცია/შიდსი გასცდა გარკვეულ ჯგუფებს. მე მოვუწოდებდი ყველას, გაიკეთონ ანალიზი. როდესაც ადამიანი მკურნალობს, ის იმავე რეჟიმში განაგრძობს ცხოვრებას, როგორც ცხოვრობდა აქამდე და ღრმა მოხუცებულობამდე მიდის. დღესდღეობით ეს აღარ არის პრობლემა. როდესაც გვაქვს ხელმისაწვდომობა მკურნალობაზე, ყველაფერი მიდის კარგად“, - ამბობს ხმელიძე.