Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

TI: ჯაჭვლიანის ინიციატივა ფეხით მოსიარულეთა და შშმ პირთა უფლებებს საფრთხეს უქმნის

02 დეკემბერი, 2015 12:07

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" სოსო ჯაჭვლიანის საკანონმდებლო ინიციატივას ეხმიანება, რომელიც სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და დგომის მარეგულირებელი წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულ სანქციებს ეხება. გთავაზობთ არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას:

„კანონის დღევანდელი რედაქციით, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ საჯარიმო სადგომზე გადაყვანას იმ შემთხვევაში, თუ ის „აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს.“ ამის ნაცვლად, კანონპროექტის ავტორები გვთავაზობენ რედაქციას, რომლის თანახმად, ავტომობილი საჯარიმო სადგომზე გადაყვანას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაექვემდებარება, თუ ის „აფერხებს საავტომობილო მოძრაობას ან ქმნის საცობს.“

შემოთავაზებულ ვარიანტში მთავარი ცვლილებაა სიტყვა „მოძრაობის“ ჩანაცვლება სიტყვათშეთანხმება „საავტომობილო მოძრაობით“, რაც გულისხმობს, რომ საჯარიმო სადგომზე გადაყვანის სანქცია აღარ გავრცელდება, მაგალითად, ტროტუარზე გაჩერებულ ავტომობილებზე, რომლებიც ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას აფერხებენ. კანონპროექტის განმარტებით ბარათში პირდაპირ არის მითითებული, რომ კანონპროექტის მიზანი და ძირითადი არსი ხსენებული მუხლის მოქმედების სფეროდან ფეხით მოსიარულეთა მოძრაობის შეფერხების შემთხვევების გამორიცხვაა.

წარმოდგენილი კანონპროექტი საფრთხის შემცველია და (დამტკიცების შემთხვევაში) მნიშვნელოვნად გააუარესებს მდგომარეობას საქართველოს ქალაქებში, განსაკუთრებით კი თბილისში.

საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონი პირდაპირ ავალდებულებს მოქალაქეს, გადაადგილდეს გზის მისთვის განკუთვნილ მონაკვეთზე, ტროტუარზე და  აწესებს აკრძალვას მოცემულ მონაკვეთზე ავტომობილის გაჩერებისათვის. შემოთავაზებული კანონპროექტის წარმოდგენილი ფორმით მიღების შემთხევაში, ტროტუარზე მდგომი ავტომობილებისათვის, რომელიც შეიძლება აფერხებდეს მხოლოდ ფეხით მოსიარულეთა მოძრაობას, სანქციის სახით დაწესებული პასუხისმგებლობა - დაცულ ავტოსადგომზე გადაყვანა აღარ იარსებებს. შესაბამისი ორგანოები მხოლოდ საჯარიმო ქვითრის ამოწერით შეიძლება შემოიფარგლონ, რაც, ვფიქრობთ, არასაკმარისი საშუალებაა და საკმარისად ვერ მოაწესრიგებს აღნიშნულ საკითხს.

საქართველოს დედაქალაქში დღესაც ხშირია ავტომობილის ტროტუარზე გაჩერების შემთხვევები, რაც აფერხებს ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას, ზოგიერთ შემთხვევაში კი სრულიად გაუვალს ხდის ტროტუარს ქვეითებისთვის. ეს პრობლემა განსაკუთრებით მძიმედ აისახება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და იმ ადამიანების მდგომარეობაზე, რომლებიც მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად დადიან ქუჩაში, რადგანაც მათთვის განსაკუთრებით რთულია ტროტუარზე გაჩერებული ავტომობილისთვის გვერდის ავლა.

დეპუტატ ჯაჭვლიანის მიერ შემოთავაზებული ცვლილება (რომლის თანახმადაც, საჯარიმო სადგომზე გადაყვანის სანქცია აღარ გავრცელდება ავტომობილებზე, რომლებიც ფეხით მოსიარულეების მოძრაობას აფერხებენ) გულისხმობს ტროტუარზე პარკირების პრობლემასთან ბრძოლის დღეს არსებული ერთადერთი, მეტ-ნაკლებად ეფექტური მექანიზმის გაუქმებას და ამდენად მნიშვნელოვნად დაამძიმებს როგორც ზოგადად ფეხით მოსიარულეების, ისე მცირეწლოვანი ბავშვების მშობლების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მდგომარეობას საქართველოს ქალაქებში.

თანამედროვე ქალაქგანვითარების საუკეთესო პრაქტიკა (რომელიც სულ უფრო ფართოდ მკვიდრდება როგორც ევროპაში, ისე განვითარებული სამყაროს სხვა ქვეყნებში) გულისხმობს ურბანული გარემოს მორგებას პირველ რიგში ფეხით მოსიარულეების ინტერესებზე (როგორც წესი, ავტომობილებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესების ხარჯზე). ამდენად, შემოთავაზებული კანონპროექტი, გარდა იმისა, რომ აუარესებს მდგომარეობას საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის, ასევე პირდაპირ ეწინააღმდეგება ქალაქების მოწყობის თანამედროვე პრინციპებს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, არ დაუჭირონ მხარი დეპუტატ ჯაჭვლიანის ინიციატივას", - წერია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^