თურქეთის სასამართლომ ექსპერტებს „ბეჭდების მბრძანებლის“ პერსონაჟის, გოლუმის შესწავლა დაავალა. საქმე უკავშირდება სასამართლო პროცესს პირის წინააღმდეგ, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შეურაცხყოფისთვის სამართლდება.
ბილგინ ჯიფტჯიმ სოციალურ ქსელში სურათი გაავრცელა, სადაც ერდოღანსა და გოლუმს ერთმანეთს ადარებს. ექსპერტებს ევალებათ დაადგინონ, იყო თუ არა ეს შეურაცხყოფა და არის თუ არა გოლუმი უარყოფითი პერსონაჟი. ამ დროისთვის უცნობია, რა კრიტერიუმს გამოიყენებენ ისინი გადაწყვეტილების მისაღებად. საქმის არსებითი განხილვა თებერვლამდე გადაიტანეს.
გოლუმი ჯ.რ.რ. ტოლკიენის „ჰობიტისა“ და „ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგიის პერსონაჟია, რომელთა ეკრანიზაციები პიტერ ჯექსონს ეკუთვნის. გოლუმი პირველად „ჰობიტში“ ჩნდება, როგორც პატარა, გამხდარი არსება. „ბეჭდების მბრძანებელში“ კი მისი ნდომა, დაიბრუნოს ბეჭედი, მის გონებას იმორჩილებს.
ექსპერტების ჯგუფი 2 მეცნიერისაგან, ბიჰევიორიზმის 2 სპეციალისტისაგან და კინოსა და სატელევიზიო პროგრამების მცოდნე სპეციალისტისაგან შედგება.
მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აღიარა, რომ თავად „ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგია სრულად არ ჰქონდა ნანახი.
ფოტოები, რომელიც ჯიფტჯიმ გაავრცელა, გოლუმსა და ერდოღანს ერთა და იმავე პოზაში აჩვენებს: როგორ ჭამენ, როგორ გამოხატავენ გაკვირვებას.
თურქეთში პრეზიდენტის შეურაცხყოფა დანაშაულად ითვლება და პატიმრობით ისჯება. თურქეთში გამოხატვის თავისუფლებისა და ჟურნალისტების მიმართ მოპყრობის წესი ბევრ კრიტიკას იმსახურებს. ერდოღანის ადმინისტრაციას კი კრიტიკის მიმართ რადიკალურად არატოლერანტულობაში სდებენ ბრალს.
წყარო: BBC