გარკვეული ვადის შემდეგ, საქართველოში მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაცია აღარ მოხდება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.
მღებრიშვილის თქმით, მისმა უწყებამ აღნიშნულ საკითხზე კანონპროექტიც მოამზადა, რომლის დეტალებსაც საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობს.
მანამდე კი მინისტრმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია მარჯვენასაჭიანი მანქანების მფლობელების მიმართ დამატებით გადასახადების დაწესების შესახებ. მისი თქმით, მსგავსი არაფერი იგეგმება და ასევე არ იკრძალება მოძრაობა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებით.
„ვისაც ჰყავს მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა, ასევე ავტომანქანა, გადატანილი საჭით, უკვე რეგისტირებული, შეუძლია, მთელი ცხოვრება გამოიყენოს, ჩვენ მათ არ ვეხებით. უბრალოდ, იმ თარიღისშემდეგ, რაზეც დღეს მთავრობა შეთანხმდა, მსგავსი მანქანების რეგისტრაცია აიკრძალება“, - განაცხადა მინისტრმა.
მღებრიშვილმა მინისტრთა კაბინეტს გააცნო სტატისტიკური მონაცემებიც, რომელთა მიხედვით, 2015 წელს მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი საქართველოში 50%-ს გაუტოლდა.
„მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი გაგრძელდება იმ თარიღამდე, რომელზეც ჩვენ შევთანხმდებით და ისინი ჩვეულებრივ დარეგისტრირდება. მათ მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ სიცოცხლის ბოლომდე, არ იკრძალება გადაადგილება მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებით და გადატანილი საჭით. კონკრეტული თარიღის შემდეგ კი აიკრძალება რეგისტრაცია და არა იმპორტი. არ იკრძალება ტრანტიზი, არ იკრძალება დროებითი შემოყვნის რეჟიმი, იკრძალება მხოლოდ და მხოლოდ რეგისტრაცია. დღეს ძალიან მოდაშია საქართველოში დაშლილი ნაწილებით ვაჭრობა, ადამიანებს შეეძლებათ, შემოიყვანონ მანქანები და ნაწილებად გაყიდონ“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, აღნიშნულ თარიღსა და კანონპროექტის შესახებ დეტალურ ინფრომაციას საზოგადოებას დღეს, 14 საათზე გააცნობს.