საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრი 9 აპრილის პარკში თეატრის ადმინისტრაციული შენობის განსათავსებლად არქიტექტურული დიზაინისა და ესკიზის შესაქმნელად კონკურსს აცხადებს. „პარტიზანი მებაღეები“ თეატრის პარკში აშენებას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ 5-სართულიანი ნაგებობის პარკში ჩადგმა კატეგორიულად მიუღებელია.
919 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელიც 9 აპრილის პარკში მდებარეობს, თბილისის მერიის საკუთრებაა. თეატრის მიერ გამოცხადებული საკონკურსო პირობების თანახმად, სასურველია, შენობა არაუმეტეს ხუთსართულიანი ნაგებობა იყოს, რომელსაც სატვირთოს მისადგომი ექნება.
პანტომიმის თეატრის დამაარსებელი ამირან შალიკაშვილი „ლიბერალთან“ საუბარში ამბობს, რომ შენობა ყოფილი „გლობუსის“ თეატრის ადგილზე აშენდება და პანტომიმის თეატრთან ერთად პლასტიკის საერთაშორისო ცენტრი განთავსდება.
„ამ ადგილზე ახლა „გლობუსის" ძველი კონსტრუქციაა. თეატრი კუთხეში ჩაჯდება. დანარჩენი არის დაბინძურებული ბაღი, იქ ხეები არ არის, ანტისანიტარიაა. ამას ჩვენ არ შევეხებით. აქ შეიძლება თეატრის აშენება, რომელიც პარკის დამსვენებელს ემსახურება. არ შეიძლება რესტორნის, ან სასტუმროს აშენება, რისი მაგალითიც ჩვენ, მაგალითად ვაკის პარკში გვაქვს. თეატრი, რომელიც დამსვენებელზე, ბავშვებზეა გათვლილი, სავსებით დასაშვებია. ამ ყველაფერს მერიასთან გავივლით“ - ამბობს შალიკაშვილი.
მისივე განმარტებით, მერიის გამწვანების სამსახურთან არაოფიციალური კომუნიკაცია უკვე ჰქონდა და მათაც დაუდასტურა, რომ ნაგებობის აშენება ხეების მოჭრას არ საჭიროებს.
„მერიის გამწვანების სამსახურისგან მივიღე წერილი, მთხოვეს მეცნობებინა, იჭრებოდა თუ არა ხეები. განვუმარტეთ, რომ ხეებს არ ვეხებით. იქ უკვე არის კონსტრუქცია და კონსტრუქციის ადგილზე ხე როგორ იქნება?!“ - ამბობს შალიკაშვილი.
მისივე განმარტებით, მერიის არქიტექტურის სამსახურისთვის მშენებლობის ნებართვის მისაღებად ჯერ არ მიუმართავს, რადგან პროექტი შერჩეული არ არის. კონკურსის დასრულების შემდეგ, შერჩეულ პროექტს თეატრი მერიას წარუდგენს, რომელიც შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
„გლობუსის“ დემონტაჟის დაწყების სამშენებლო ორმეტრიანი ღობის მოწყობის მოთხოვნით შალიკაშვილმა მერიას უკვე მიმართა. საპასუხო წერილში მერია იტყობინება, რომ 9 აპრილის ბაღი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია, დაგეგმილი სამუშაოები კი უძრავ ძეგლზე სამუშაოების ჩატარების ნებართვას საჭიროებს.
„პარტიზანი მებაღე“ ნატა ფერაძე მიიჩნევს, რომ პარკში 5-სართულიანი შენობის აღმართვა კატეგორიულად დაუშვებელია, რადგან პარკი სარეკრეაციო ფუნქციას დაკარგავს.
„რახან პარკი სარეკრეაციო „ზონა 2-ია", აქ თეატრის ასაშენებლად პარკს სტატუსი საკრებულომ უნდა დაუქვეითო, ან მერის მიერ ხელმოწერილი სპეციალური ზონალური შეთანხმებაა საჭირო. ეს უკანასკნელი სწორედ ის ვარიანტია, რაც ვაკის პარკში მოხდა. როგორც ვიცით, ტერიტორია უზუფრუქტით აქვთ აღებული და გააჩნია, რას გააკეთებენ“ - ამბობს ფერაძე.
მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდიდან ირკვევა, რომ 9 აპრილის პარკს, მათ შორის მიწის იმ ნაკვეთს, რომელზეც თეატრს შენობის აღმართვა სურს, ნამდვილად სარეკრეაციო „ზონა 2-ის" სტატუსი აქვს.
არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ სარეკრეაციო „ზონა 2-ის" ტერიტორიაზე დასაშვებია სამაყურებლო ობიექტის (ესტრადა, ამფითეატრი, საგამოფენო დარბაზი, ღია და გადახურული კინოთეატრი) აშენება სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე.
მიუხედავად ამისა, თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი „ლიბერალთან“ საუბარში ამბობს, რომ 9 აპრილის პარკის ტერიტორია სარეკრეაციო „ზონა 1-ს" განეკუთვნება.
„კანონი თბილისის საზღვრებში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ, რომელშიც მკაფიოდ წერია, რომ ეს ტერიტორია არის კატეგორია „1", რომელსაც მიეკუთვნება ბაღები პარკები და სკვერები, გვეუბნება, რომ ასეთ ტერიტორიაზე არანაირი სახის მშენებლობა არ არის დაშვებული. ეს კანონითაა განსაზღვრული“ - ამბობს სულხანიშვილი.
არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ სარეკრეაციო „ზონა 1-ის" ტერიტორიაზე დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა განათების, სარწყავი სისტემის, სარეკლამო ბილბორდისა და დეკორატიული გაფორმების ობიექტისა.
„ლიბერალი“ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ თეატრმა კონკურსი მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებულად არ გამოუცხადებია.
„ჩვენ ვემიჯნებით კონკურსს. 9 აპრილის პარკში არც მშენებლობა და არც ხეების მოჭრა არ იგეგმება. შეიტანს თუ არა იგი მერიაში ნაგებობის პროექტს, მუნიციპალიტეტისგან მაინც უარს მიიღებს. მერიის შესაბამისი სამსახურები სკვერში მშენებლობის შესახებ დადებითი რეკომენდაციის გაცემას არ გეგმავენ“ - უთხრეს „ლიბერალს“ მერიის კულტურის საქალაქო სამსახურში.
თეატრი „გლობუსი".