საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 დეკემბერის #2600 განკარგულებით, შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას“ მიეცა უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები: ა) ჩვეულებრივი წაბლი - 102 ინდივიდი; ბ) კაკლის ხე - 7 ინდივიდი; გ) კოლხური ბზა - 2 ინდივიდი.
როგორც განკარგულებით ირკვევა, აღნიშნული უფლება „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალზე 41,6 მვტ სიმძლავრის „ხობიჰესი 2-ის“ პროექტის ფარგლებში, სადერივაციო გვირაბისა და გამათანაბრებელი რეზერვუარის მშენებლობისათვის მისასვლელი გზების მშენებლობის მიზნით გაიცა.
განკარგულების მიხედვით, შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია“ ვალდებულია, მოჭრილი მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს სააგენტოს მიღება-ჩაბარების აქტით.