„აქ აპირებდნენ ადამიანები მოსვლას, რომლებიც არიან ცნობილები ეკლესიის წინააღმდეგ განწყობით. ყოველთვის, ნებისმიერ რაღაცაზე გამოდიან, ეკლესიას უპირისპირდებიან და ხალხს ეუბნებიან, თითქოს ეკლესია გვჩაგრავს და ჩვენს ფულს ჭამს", - აცხადებს „ლიბერალთან" საუბრისას გიორგი გაბედავა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის წინ სოციალურ ქსელში დაანონსებული აქციის „გადადექი! წადი მონასტერში!" გასაპროტესტებლად მივიდა.
მისი თქმით,, აქციის „გადადექი! წადი მონასტერში“ ორგანიზატორები სწორედ ის ხალხია, რომლებიც ამბობენ, რომ არიან უფლებადამცველები, იცავენ „მამათმავლებს", ლგბტ თემის წარმომადგენლებს, „სინამდვილეში კი, როცა ადამიანის უფლებები ირღვეოდა, ეს ადამიანები ჩუმად იყვნენ, რადგან „თბილად" იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან".
„დღეს მართალია ისინი პრემიერ ღარიბაშვილის წინააღმდეგ მართავდნენ აქციას, მაგრამ ქვეტექსტი იყო სხვა, ეკლესიას ეხებოდნენ, ეკლესიას აყენებდნენ შეურაცხყოფას. პირადად მე, არც პრემიერ ღარიბაშვილის დამცველი ვიქნები, მაგრამ როცა ეკლესიას ეხება საქმე, ნებისმიერი ქართველი გამოვა და დავდგებით იქ, სადაც საჭიროა“,- ამბობს გაბედავა.
შეგასხენებთ, რომ 5 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსთაველის თეატრში განაცხადა, რომ „პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები და ბრალდებულები. საკითხის ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა და პოლიტიკოსთა განცხადებების შემდეგ სოციალურ ქსელში საპროტესტო აქცია დაიგეგმა.
„უკვე ნორმად იქცა პოლიტიკოსების მხრიდან რელიგიური სენტიმენტებით სპეკულირება, საპატრიარქოსა და პატრიარქთან კეკლუცი, რაც განსაკუთრებით აქტიურდება საარჩევნო კამპანიის პერიოდში. ეს უკანასკნელი ნამდვილ მარათონს ემსგავსება იმის მტკიცებით, თუ ვინ უფრო მეტად მართლმადიდელია და ვის უჭირავს უფრო გრძელი სანთელი. ამ ნორმას თითქოს შევეგუეთ კიდეც, ხშირ შემთხვევაში ირონიით ვუყურებთ, როგორც საარჩევნო ტრიუკს, მაგრამ, ვფიქრობთ, სერიოზულად დამაფიქრებელი და სახიფათო პრაქტიკაა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პერიოდულად წამოყენებული ინიციატივები, პატრიარქი ჩართონ და მას გადააბარონ მნიშვნელოვანი საჯარო საკითხების მოგვარება-გადაწყვეტა (იქნება ეს საგანმანათლებო, პენიტეციალურ თუ სხვა სისტემაში). ეს სეკულარულ სახელმწიფოს უქმნის საფრთხეს", - წერდნენ აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში.
მოგვიანებით, მედიით საქართველოს საპატრიარქოს განმარტება გავრცელდა. საპატრიარქოს განცხადებით, პატრიარქ ილია II-ს განცხადება მისთვის პატიმრების შეწყალების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ პატიმართა თანადგომისა და სოლიდარობის ნიშნად ნათქვამი იყო და ამ წინადადების საკანონმდებლო დონეზე განხილვა არ მოუთხოვია.
საპატრიარქოს ამ განცხადების შემდეგ, დაგეგმილი აქცია აღარ გაიმართა, თუმცა მისი „კონტრაქცია" მთავრობის ადმინისტრაციის წინ სლოგანით, „არა ეკლესიის დისკრედიტაციას" მაინც ჩატარდა.
შენიშვნა: „ლიბერალის" რედაქცია გიორგი გაბედავას მიერ მასალაში გამოთქმულ ჰომოფობიურ გამონათქვამებს ემიჯნება.