„რთული თემებია, არ არის მარტივი და არა მგონია, ეს კანონპროექტი პარლამენტში ასე მარტივად ერთ კვირაში კანონად იქცეს. უნდა განვიხილოთ და გავიაზროთ, რა დევს შიგნით, რა არის ინიციატორის ამოცანა, რას ემსახურება, რა შეიძლება მოგვიტანოს და ასე შემდეგ,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის თემა უკიდურესად საფრთხილო საკითხია.
„ადმინისტრაციული ჩარევა, ჯარიმა და ასე ვთქვათ, რეპრესიული ზომები, ისეთ შემთხვევებში, როცა გვაქვს ძალიან შეფასებითი კატეგორიები, რელიგიური გრძნობა, მისი შეურაცხყოფა, ეს ძალიან ფაქიზი თემებია, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ძალიან რთულად დასადგენი, ვინ რას მიიჩნევს შეურაცხყოფად. რომელიმე რელიგიის მიმდევარმა შეურაცხყოფად შეიძლება მიიჩნიოს ის, რომ სხვა რელიგიური მიმდინარეობის საკულტო დაწესებულება დაინახა, ან მოისმინა რამე, ან ტელევიზიით ნახა რამე რიტუალი და იგრძნო შეურაცხყოფად“, - განაცხადა უსუფაშვილმა
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ასევე გასათვალისწინებელია სხვა რელიგიის წარმომადგენლების ფაქტორი.
„ძალიან ხშირად, როცა რელიგიაზეა საუბარი, ინიციატივა მოდის უფრო ერთი მხრიდან, როგორ უნდა უზრუნველვყოთ ერთი ტიპის, ვთქვათ, რელიგიური თემის წუხილის ასახვა პროექტში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კანონი შეეხება ყველას, ყველა რელიგიას, ყველა რელიგიურ თემს“, - ამბობს უსუფაშვილი.
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, სოსო ჯაჭვლიანის საკანონმდებლო ინიციატივით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, 300 ლარით უნდა დაჯარიმდეს.
აღნიშნული ქმედებების განმეორებით ჩადენა კი 600 ლარით დაჯარიმდება.
დეპუტატის ინიციატივა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს, რომელსაც 166-ე პრიმა მუხლი ემატება.
ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, რელიგიური შენობების ან სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება გამოიწვევს 500 ლარით დაჯარიმებას, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 1000 ლარის ოდენობით.
ინიციატორი კანონპროექტის მიზნად სახელმწიფოს მხრიდან ქვეყანაში არსებული რელიგიებისა და მათი მიმდევრების შეურაცხყოფისგან დაცვას ასახელებს.