იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა ძამაშვილის თქმით, იგეგმება ნარკოტიკული საშუალებების სიებისა და დოზების დაზუსტება.
ამის შესახებ ძამაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომის“ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა, სადაც მთავრობის მიერ განხორციელებულ თუ განსახორციელებელ ღონისძიებებზე საუბრობდა.
„ზოგიერთი ნარკოტიკული ნივთიერებებისთვის, რომელიც საქართველოშია, არ არის განსაზღვრული მცირე ოდენობები. პროექტის მიხედვით, მოხდება ამ ოდენობების განსაზღვრა. დღევანდელი კანონმდებლობით, ნივთიერებებზე, რომლებსაც განსაზღვრული აქვთ მხოლოდ დიდი ოდენობა, პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ავტომატურად, დიდი ოდენობის შესაბამისად ხდება, რაც ცხადია, არ არის სწორი. აღნიშნული აღმოიფხვრება და იმ ნივთიერებებზე, რომლებიც საქართველოში ფიქსრდება, განისაზღვრება მცირე ოდენობები“, - განაცხადა ძამაშვილმა კონფერენციაზე.
მისი თქმით, აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებაზე მუშაობა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში მიმდინარეობს, პროექტი უკვე დამუშავებულია სამუშაო ჯგუფის დონეზე და უახლოეს პერიოდში საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორის განსახილველად ხელმისაწვდომი გახდება.
„მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება პრობლემას ვერ გადაჭრის, თუ, თავის მხრივ, არ იქნება გონივრულად განსაზღვრული ოდენობები მეორე კანონში“, - განაცხადა ძამაშვილმა.
მისივე თქმით, სიების დაზუსტება შესაძლოა მოხდეს იმ კუთხით, რომ ის დაიყოს არა სახელწოდებებად, არამედ პასუხისმგებლობის სიმკაცრის მიხედვით.
უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონის დანართი #2-ით არის გათვალისწინებული.
რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლთან დაკავშირებულ ცვლილებებს, რაც პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადებისთვის, შეძენა, შენახვა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის პატიმრობას ითვალისწინებს, ძამაშვილი თქმით, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
„დიდი ხანია, 273-ე მუხლთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა, ევროკავშირსა და ევროსაბჭოსთან ერთად პროექტის ფარგლებში ვატარებთ კვლევას. გაზაფხულზე კი კვლევის შედეგების საფუძველზე შესაძლებლობა გვექნება, კანონმდებლობაში შევიტანოთ ცვლილება, რაც გულისხმობს იმას, რომ მომხმარებლებისთვის ციხე იყოს ალტერნატივა. ეს არ გულისხმობს ავტომატურად დეკრიმინალიზაციას, პირველ ეტაპზე, შეიძლება რთული იყოს სწრაფი ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა ძამაშვილმა.
როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას ძამაშვილმა განმარტა, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივ პროექტზე სპეციალურად დაქირავებული მკვლევარები იმუშავებენ, რომლებიც შეისწავლიან საუკეთესო პრაქტიკას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, შემდეგ კი, პროექტის ფარგლებში, საქართველოს მისცემენ რეკომენდაციებს, რა ცვლილებები შეიძლება შევიდეს კანონმდებლობაში. ისეთ რეკომენდაციებს შემოგვთავაზებენ, რაც საქართველოს მოდელისთვის მისაღები იქნება.
„მიზანი უნდა იყოს ის რომ, ნარკომომხმარებლის მიმართ სანქცია მაინცდამაინც არ იყოს ციხეში ჩასმა, თუ ამისთვის გონივრული ალტერნატივა იქნება, მაგალითად, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა თუ სხვა. სწორედ ასეთი უნდა იყოს სანქცია და არა მაინცდამაინც ციხე“, - განაცხადა ძამაშვილმა.