Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ილიას უნივერსიტეტი: გაუგებარია არჩილ გამზარდიას ბრალდება უნივერსიტეტის მიმართ

09 დეკემბერი, 2015 16:25

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორის, არჩილ გამზარდიას განცხადებას, იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტში პოლიტიკური მოტივით ავიწროებენ, გაუგებარს უწოდებს. ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან, სადაც აღნიშნულის შესახებ საუბრობს ინტერნეტსივრცეში 8 დეკემბერს გავრცელდა.  წუხელ უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ პასუხად განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩილ გამზარდიამ 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანატს თხოვნით მიმართა, რომ მისთვის საათობრივი დატვირთვა შეემცირებინა, რადგან მას გადაცემა „20/30" უნდა წაეყვანა. მას შემდეგ, კი რაც არჩილ გამზარდიამ საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტა გადაცემა „20/30"-თან, მან 2015-2016 წლის შემოდგომის სემესტრში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში  იმაზე ნაკლები მოცულობის სასწავლო დატვირთვა აიღო, ვიდრე მას ფაკულტეტი სთავაზობდა. რადგან, როგორც ის ამბობდა, მას სხვა უნივერსიტეტის მხრიდან ჰქონდა შემოთავაზება.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ფაკულტეტსა და გამზარდიას შორის არ განხილულა ხელშეკრულების არგაგრძელების საკითხი. გარდა ამისა, ამ დრომდე  არჩილ გამზარდიას ოფიციალურად რაიმე პრეტენზიით არც ფაკულტეტისთვის და არც უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავს.

„ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია ბატონი არჩილ გამზარდიას ბრალდება უნივერსიტეტის მიმართ. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, ფაკულტეტი მიმართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, დაიწყოს მოკვლევა უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების წესის მიხედვით", - ნათქვამია უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის განცხადებაში.

არჩილ გამზარდია განცხადებას საკუთარ  Facebook-გვერდზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ბისნესის სკოლის განმარტება სიმართლეს არ შეესაბამება,- "ეს ახსნა" ილიაუნის ბიზნეს სკოლიდან, შეიცავს ცრუ ინფორმაციას, ამიტომ ის უსარგებლოა."

გამზარდია წერს, რომ გაზაფხულის სემესტრში შიდა მორიგება არსებობდა, რომ მხოლოდ იმ სემესტრში  შემცირებულიყო დატვირთვა, რაც შემოდგომის სემესტრში  დაბალანსდებოდა. რაზეც, უნივერსიტეტიდან თანხმობა მიიღო.

„შემოდგომის სემესტრში კი საგნებზე ამგვარი „სიურპრიზები" დამხვდა - სამი საგანი პროგრამიდან ამოაგდეს, ერთი სხვა მიმართულების ლექტორმა აიღო, ხოლო მენეჯმენტში საათების მხოლოდ ნახევარი მომცეს. თუმცა, არაფერს საუბრობენ, რომ გაზაფხულის სემესტრში არც შემცირებული საათებია ჩადებული, საერთოდაც ცარიელია",- წერს გამზარდია.

ბიზნესის სკოლის მიერ გავრცელებული განცხადების საპირისპიროდ, არჩილ გამზარდია განმარტავს, რომ უნივერსიტეტს პრეტენზიითაც მიმართა და დეკანსაც ესაუბრა, თუმცა დეკანისთვის სამომავლო ერთობლივი თანამშრომლობის შესახებ საუბარი საინტერესო არ აღმოჩნდა. გარდა ამისა, გამზარდია წერს, რომ  მისი სხვა უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ილიას უნივერსიტეეტისთვის ხელისშემშლელი ვერ იქნებოდა, რადგან იქ მცირე დატვირთვა აქვს.

გამზარდია განმარტავს, რომ განცხადებაში იგრძნობა მუქარა, რაც  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დევნისა და ზეწოლის პირობებს ადასტურებს. „სირცხვილია ასეთი ფსევდოგანმარტებების გაკეთება, რეალობა ხომ ფაქტებია და არა ამ წერილში წარმოდგენილი ინტერპრეტაციები. ამ მხრივ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩანს ჩემი დისკრედიტაციის მცდელობა, რაც საკმაოდ მდაბიო პროცესია",- წერს არჩილ გამზარდია. .

გამზარდიამ „რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განმარტა, რომ შექმნილი მდგომარეობა  დიდი ალბათობით მის პოლიტიკურ აქტივობასა და განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობას უკავშირდება.

„ოფიციალურად, ეს ყველაფერი შეფუთულია, როგორც პროგრამის მეთოდური ცვლილება, რომელიც ხარიისხის სამსახურისგანაა ინიცირებული. ხარისხის სამსახურს კი ზურაბ ჭიაბერაშვილი ხელმძღვანელობს. შესაბამისად, როცა არ არსებობს მიზეზი და არგუმენტი იმისა, თუ რატომ აღარ თანამშრომლობს ლექტორთან უნივერსიტეტი, ყველაფერი ეჭქვეშ დგება",- ამბობს გამზარდია „რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^