სასიამოვნო სიახლე სს „ლიბერთი ბანკისა“ და სს „პროკრედიტ ბანკის“ მომხმარებლებისთვის: 2015 წლის 9 დეკემბერს სს „პროკრედიტ ბანკის“ სათავო ოფისში ორ ბანკს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის აქტს, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული ბანკები ერთმანეთს ე.წ. „Host to host“ კავშირით დაუკავშირდნენ. პროექტის ფარგლებში, პლასტიკური ბარათის მფლობელები „ლიბერთი ბანკისა“ და „პროკრედიტ ბანკის“ ბანკომატებიდან თანხის განაღდებას შეღავათიანი ტარიფით შეძლებენ.
სს „ლიბერთი ბანკისა“ და სს „პროკრედიტ ბანკის“ ბანკომატების ჯამური რაოდენობა 500-ზე მეტია და შესაბამისად, მომხმარებლებისთვის თანხის განაღდება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.
„პროკრედიტ ბანკის“ VISA/Master Card და VISA Business ბარათების მფლობელები თანხის განაღდებას „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატებში „პროკრედიტ ბანკში“ მოქმედი ტარიფით შეძლებენ, ხოლო „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლები „პროკრედიტ ბანკის“ პოს ტერმინალებში VISA/Master Card ბარათის გარდა ანგარიშსწორებას ახლა უკვე PAY/UPI სისტემის ბარათებითაც განახორციელებენ. PAY არის „ლიბერთი ბანკის“ ადგილობრივი საგადამხდელო სისტემა, რომლის პლატფორმაზეც შექმნილია 1.6 მილიონზე მეტი ბარათი.
„მოხარული ვართ, რომ „პროკრედიტ ბანკსა“ და „ლიბერთი ბანკს“ შორის მომხმარებლებისთვის სასიამოვნო თანამშრომლობა შედგა. დღეიდან, ორივე ბანკის კლიენტები თანხის განაღდებას კიდევ უფრო მეტი ბანკომატიდან შეძლებენ და ამასთან „პროკრედიტ ბანკის“ კლიენტები „ლიბერთი ბანკში“ თანხის განაღდებისას ისარგებლებენ „პროკრედიტ ბანკში“ არსებული სტანდარტული ტარიფებით“ - აღნიშნა „პროკრედიტ ბანკის“ დირექტორმა, ალექსი მატუამ.
„ლიბერთი ბანკმა“ უკვე მესამე კომერციულ ბანკთან გააფორმა Host to Host ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მომხმარებელს აქვს თანხის განაღდების და ბარათით გადახდის კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობები და მრავალფეროვანი არჩევანი“ - აღნიშნა დავით ნინიძემ, „ლიბერთი ბანკის“ ალტერნატიული საბანკო არხების მენეჯერმა.