„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესს აფასებს, რომელიც საკრებულომ 27 ნოემბერს დაამტკიცა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ახალი წესი ვერ პასუხობს უსახლკარო პირთა საჭიროებებს.
EMC-ის შეფასებას „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 2015 წლის 27 ნოემბერს დაამტკიცა ქ. თბილისის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესი, რომელიც განსაზღვრავს თბილისში უსახლკარო პირთა რეგისტრაციის პროცედურასა და უსახლკაროთა თავშესაფარი ფართით დაკმაყოფილების შემთხვევებს.
უსახლკარობის ნორმატიული რეგულირების, პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლის ხედვის არარსებობისა და უსახლკარობის, როგორც მნიშვნელოვანი გამოწვევის, არაღიარების გამო, არ ხორციელდება უსახლკარო პირების აღრიცხვა და რეგისტრაცია, რაც ასევე გამორიცხავს მუნიციპალიტეტის მიერ უსახლკარობის პრობლემის მასშტაბის შეფასებას, უსახლკაროთა საჭიროებების გამოვლენასა და მათზე რეაგირების ადეკვატური პოლიტიკის ფორმირებას.
ქ. თბილისის საკრებულოს მიერ რეგისტრაციისათვის აუცილებელი კრიტერიუმებისა და სარეგისტრაციო პროცედურის გაწერა უდავოდ პოზიტიურ ნაბიჯად უნდა შეფასდეს, განსაკუთრებით ქალაქ თბილისში არსებული უსახლკარობის პრობლემის სიმწვავისგათვალისწინებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ EMC-ს მიერ კანონქვემდებარე აქტის თავდაპირველი ვარიანტზე შენიშვნების წარდგენის შედეგად, აქტის პროექტიდან ამოღებული ან/და მოდიფიცირებული იქნა ისეთი რეგრესული დებულებები, როგორიც იყო თვითდახმარების მიზნით სახელმწიფო შენობებში შესახლებული, სოციალურად დაუცველი პირების გამორიცხვა აქტის ხედვის არედან და უსახლკარო პირთა რეგისტრაციიდან გამორიცხვა მესამე პირთა მხრიდან მათ მიმართ არსებული ვალდებულებების გამო, ამ ვალდებულების ფაქტობრივად შესრულების შეუძლებლობის ფაქტის შეფასებისა და გათვალისწინების გარეშე.
მიუხედავად აღნიშნული ცალკეული პოზიტიური ცვლილებებისა, EMC მიიჩნევს, რომ კანონქვემდებარე აქტში კვლავ რჩება არაერთი პრობლემური საკითხი, რაც აჩვენებს მერიის პოლიტიკის ფრაგმენტულობასა და არასაკმარისობას. ამასთან, ნათელია რომ აქტი არ ისახავს მიზანად უსახლკაროთა არსებული მდგომარეობის მნიშვნელოვნად შეცვლას თვისობრივად ახალი სერვისების განვითარებისა და არსებულის გაზრდის/დახვეწის გზით, ვიწროდ განიხილავს უსახლკარობის შინაარსს და გამორიცხავს არასათანადო საცხოვრისში მცხოვრებ პირებს, ხოლო უსახლკაროთათვის პრიორიტეტის მინიჭების კრიტერიუმების დადგენისას შეიცავს დისკრიმინაციულ მიდგომებს.
- აქტის ხედვის არედან გამოირიცხება სათანადო საცხოვრისის საჭიროების მქონე პირთა ფართო წრე
მიღებული დადგენილება უსახლკარო პირის ცნებას, სხვა საფუძვლებთან ერთად, უკავშირებს პირის მიერ საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობისა თუ სარგებლობის უფლების არარსებობას, რაც უსახლკაროდ პირთა რეგისტრაციისა და საცხოვრისით დაკმაყოფილების მექანიზმიდან ბლანკეტურად გამორიცხავს პირთა იმ წრეს, რომლებიც შესაძლოა საკუთრებაში ჰქონდეს, მართლზომიერად ფლობდეს, ან სარგებლობდეს რაიმე ტიპის თავშესაფრით, თუმცა, მასში არსებული გაუსაძლისი საცხოვრებელი ან საყოფაცხოვრებო პირობების გამო საჭიროებდეს განსახლებას ან სხვა ტიპის მხარდაჭერას. უსახლკაროდ რეგისტრაციისა და საცხოვრისით უზრუნველყოფის კრიტერიუმად მხოლოდ ქონების ფლობისა და სარგებლობის ფაქტის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფოს მიერ იმ პირების შეფასებას და დაკმაყოფილებას, რომლებიც არასათანადო საცხოვრისში ცხოვრების გამო საჭიროებენ მხარდაჭერას.
- ადმინისტრაციულ ორგანოს ენიჭება გაუმართლებალდ ფართო დისკრეცია პირის უსახლკარობის შეფასების პროცესში, რაც დაუსაბუთებელი და უსამართლო გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას ქმნის.
წესის მიხედვით, პირი უსახლკაროდ მიჩნევისათვის უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, მათ შორის, არ უნდა ჰქონდეს ქონება საკუთრებაში ან არ უნდა სარგებლობდეს საცხოვრებელი სადგომით ან სხვა ფართით. თუმცა, აქტის მიხედვით, უსახლკაროდ პირის რეგისტრაციისას ადმინისტრაციული ორგანო შეაფასებს ქონებრივ, საოჯახო ან/და ნებისმიერ გარემოებას და არ მოახდენს პირის უსახლკაროდ რეგისტრაციას თუ მიიჩნევს, რომ გამოვლენილი გარემოების გათვალისწინებით პირს აქვს შესაძლებლობა უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით. დადგენილებაში „საცხოვრისით უზრუნველყოფის შესაძლებლობის“ ძალიან ბუნდოვანი და ინტერპრეტაციისათვის ღია ცნების შემოტანა, იმ პირობებში როდესაც კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული სათანადო საცხოვრისის სტანდარტი, შესაძლოა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაუსაბუთებელი და უსამართლო გადაწყვეტილებების მიღებისა და უსახლკაროდ რეგისტრაციასა და საცხოვრისით უზრუნველყოფის უფლებიდან, ობიექტურად, საცხოვრისის საჭიროების მქონე პირის გამორიცხვის საფუძველი გახდეს.
- დადგენილება დაუსაბუთებლად და დისკრიმინაციულად ანიჭებს პრიორიტეტს უსახლკარო პირთა ერთ ჯგუფს
დადგენილების მიხედვით, საცხოვრისით დაკმაყოფილებისას პრიორიტეტი ენიჭებათ პირებს სხვადასხვა ნიშნით მოწყვლადობიდან გამომდინარე, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ვეტერანებს, მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე პირებს და სხვა. ამასთან, აქტი საცხოვრისით დაკმაყოფილების მიზნებისათვის, პრიორიტეტს ანიჭებს ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში თვითნებურად შესახლებულ უსახლკარო პირებს (ამ პირთა წრე აღრიცხულია ქ. თბილისის მერიის #19.18.560 განკარგულების დანართით, რომლის შინაარსი და სრულყოფილება ასევე დავის საგანს წარმოადგენს). თუმცა, ამგვარი პრიორიტეტი არ ენიჭებათ სხვა ობიექტებში შესახლებულ ოჯახებს. ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში მაცხოვრებელი სოციალურად დაუცველი პირები საჭიროებენ დაუყოვნებელ შეფასებასა და შესაბამის უზრუნველყოფას, თუმცა, ერთი კონკრეტული ობიექტის შიგნით მცხოვრები პირებისთვის პრიორიტეტის მინიჭება მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს და ლეგიტიმურ გამართლებას, რამდენადაც პრიორიტეტის მინიჭებისათვის ამოსავალს წარმოადგენს არა ამ ობიექტზე მცხოვრები უსახლკარო ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის სიმძიმე, არამედ სახელმწიფოს ინტერესი, გაათავისუფლოს და შემდგომ განკარგოს დაკავებული ობიექტი. მოწყვლადი ჯგუფების უზრუნველსაყოფად გამოყოფილი სრულიად არასაკმარისი ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გადანაწილებისას, ბენეფიციარებისათვის პრიორიტეტის მინიჭება სახელმწიფოს ქონებრივი ინტერესების გამო სრულიად გაუმართლებელი და დაუსაბუთებელია. ამასთან, აღნიშნული მიდგომა ასევე ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს და გაუმართლებლად უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს სხვადასხვა ობიექტებში მცხოვრებ ერთგვაროვანი საჭიროების მქონე მოწყვლად ოჯახებს.
- დადგენილება არ ითვალისწინებს უსახლკარო პირთა განსხვავებულ საჭიროებებზე მორგებული სერვისების შექმნას ან გაფართოებას და ბენეფიციართა დაკმაყოფილებას არსებული ლიმიტირებული რესურსებისა და სერვისების პირობებში მოიაზრებს
დადგენილება არსებითად არ გადახედავს მერიის პოლიტიკას საცხოვრისით დაკმაყოფილების ნაწილში, რამდენადაც არ განსაზღვრავს და არ ახდენს ბენეფიციართა კონკრეტული ჯგუფებისათვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული შეთავაზებების შექმნასა და განვითარებას. აქტი დაკმაყოფილების ფორმად „თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფას“ განსაზღვრავს, თუმცა, არ ქმნის ახალ სერვისებს და არ ახდენს არსებულის დიფერენციაციას მიზნობრივი კატეგორიებისათვის. ამასთან, მერიის ვალდებულება, რომელიც ფართით დაკმაყოფილებით შემოიფარგლება, არ ითვალისწინებს უსახლკარო პირთათვის მხარდაჭერითი სერვისების დანერგვასა და არსებობას, რაც უსახლკარობასთან ბრძოლის პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრევენციულ და რეაგირებით მიმართულებას უნდა წარმოადგენდეს. დოკუმენტი ასევე არ განიხილავს პრობლემას სპეციალური მიდგომების და პრინციპების ჭრილში, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ლგბტ ჯგუფისა და სხვა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ჯგუფებისათვის არის მნიშნელოვანი, თავშესაფრითა და სხვა სერვისით სარგებლობისას. ამასთან, დადგენილების განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გაღებას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, რაც ადასტურებს EMC-ის წუხილს, ახალი სერვისების შექმნისა თუ არსებული სერვისების განვითარება/დახვეწის თაობაზე მერიის გადაწყვეტილების არ არსებობის შესახებ.
EMC დააკვირდება მერიის მიერ აღნიშნული წესის გამოყენების პრაქტიკას და გააგრძელებს სახელმწიფოს ქმედებების მონიტორინგს, რამდენადაც უსახლკაროთა ჯგუფის მიმართ გამოკვეთილი უკანასკნელი ტენდენციები აჩვენებს, რომ სახელმწიფო აგრძელებს რეპრესიულ პოლიტიკას სახელმწიფო ობიექტებში უკანონოდ შეჭრილიჯგუფების მიმართ და ამძიმებს მათ უფლებრივ მდგომარეობას. ამასთან, უსახლკარობის პრობლემის გადაჭრასა და მისი ეფექტური გადაწყვეტის გზების შემუშავებას კვლავ საკანონმდებლო მოწესრიგების, ერთიანი ხედვისა და სამოქმედო გეგმის მიღმა ტოვებს" - ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.