Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უნდა ამოიღონ თუ არა სუბუტექსი ნარკოტიკების სიიდან - მოსაზრებები საკონსტიტუციო სარჩელზე

11 დეკემბერი, 2015 11:47

ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ნივთიერება სუბუტექსთან (ბუპრენორფინი) დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა. სარჩელში ის ნარკოტიკული საშუალებების სიიდან აღნიშნული ნივთიერების ფსიქოტროპულ ნივთიერებების სიაში გადატანას მოითხოვს. ადვოკატი სარჩელს გაეროს 1961 წლის „ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ“ და 1971 წლის „ფსიქოტროპულ ნივთიერებათა თაობაზე“ კონვენციებს ამყარებს და ამბობს, რომ გაეროს ამ კონვენციების თანახმად, სუბუტექტის შემცველი ბუპრენორფინი ფსიქოტროპულ ნივთიერებათა სიაშია და არა ნარკოტიკების. მისი თქმით, საქართველოში ბუპრენორფინი ნარკოტიკების სიაში 2008 წელს გადაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, ბუპრენორფინი ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების (სია II) სიაშია.

ხაჭაპურიძე „ლიბერალთან" საუბარში განმარტავს, რომ სწორედ, ზემოთ მოყვანილი კონვენციების გათვალისწინებით, ფსიქოტროპული ნივთიერებების ნარკოტიკების სიაში გადატა არ შეიძლება. ადვოკატი ამბობს, რომ ამავე კონვენციის მიხედვით, სახელმწიფოებს აქვთ უფლება, ინდივიდუალურად გაამკაცროს მიდგომები, თუმცა არა „აქვს უფლება ფსიქოტროპული ნივთიერება ნარკოტიკების სიაში გადაიტანონ“.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელის მიზანს, ხაჭაპურიძის თქმით, გარდა იმისა, რომ  ეროვნული კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვა, მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის სუბუტექსისთვის, როგორც ნარკოტიკული ნივთიერებისთვის სასჯელს 500-ზე მეტი ადამიანი იხდის.

„ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ეს ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობისგან, არა, ჩვენ ვამბობთ, რომ მათ მიმართ გამოყენებული არ უნდა იყოს ნარკოტიკული ნივთიერებებისთვის დაწესებული სასჯელი, არამედ ფსიქოტროპული ნივთიერებებისთვის, რომელიც ასევე საკმაოდ მკაცრია“, - ამბობს ხაჭაპურიძე.

აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით, ფსიქოტროპული ნივთიერებებისთვის გათვალისწინებულ სასჯელს 261-ე მუხლი ითვალისწინებს. რის მიხედვითაც, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემთხვევაში აღნიშნული ქმედებისთვის თავისუფლების აღკვეთა სამიდან შვიდ წლამდეა გათვალისწინებული. განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში კი თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან თორმეტ წლამდე.

რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებისთვის დაწესებულ სასჯელებს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მიხედვით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვს წლამდე. დიდი ოდენობის შემთხვევაში დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში კი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ სასჯელის შემსუბუქება მოხმარების გაზრდას გამოიწვევს, ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ამის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინსიტროს მოვალეობაა.

დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯიას“ ხელძღვანელი დავით ოთიაშვილი „ლიბერალთან“ სუბუტექსის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების ფაქტორებზე საუბრისას.

მისი თქმით, უპრიანი იქნება თუ სუბუტექს შევადარებთ ჰეროინს, რადგან საქართველოში, ისევე, როგორც სხვაგან, ვინც ჰერიონს მოიხმარდა, ისინი სუბუტექსის მოხმარებაზე გადაერთვნენ.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ სუბუტექტი გაცილებით უფრო  ნაკლები საფრთხეებისა და ზიანის შემცველია ჯანმრთელობისთვის. ძირითადი განსხვავება არის ის, რომ სუბუტექსის დოზის გადაჭარბება ადამიანის სიკვდილს არ იწვევს. უიშვიათეს შემთხვევა თუ ეს მოხდა, აღნიშნული სუბუტექსთან ერთად ალკოჰოლის დიდი რაოდენობისა ან დამამშვიდებელი პრეპატატების დამატებამ შეიძლება გამოიწვიოს. თავად ბუპრენორფინი ადამიანის სიკვდილს ფაქტობრივად არ იწვევს“, - აცხადებს ოთიაშვილი.

ნარკოლოგი, ასევე აღნიშნავს, რომ  სუბუტექსზე დამოკიდებულება შედარებით უფრო ნაკლედ მძიმე სიმპტომებით გამოირჩევა, ვიდრე ჰეროინზე დამოკიდებულება. მისი თქმით, სუბუტექსის შემთხვევაში, აბსტინენციის [განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ნარკოტიკების მიღების ერთბაშად და სრული აღკვეთის შემთხვევაში; ე.წ. ლომკა] მოსხნა უფრო იოლია, ვიდრე ჰეროინის შემთხვევაში.

„მათთვის, ვინც სუბუტექსის ფლობისთვის დღეს ბევრ წელს იხდის ციხეში, რადგან ნივთიერება ნარკოტიკების სიაშია, ეს პრინციპული და სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ სუბუტექსი ოპიუმის რეცეპტორების ნაწილობრივი აგონისტია და რეალურად მას შეიძლება, დაერქვას ნარკოტიკი“, - ამბობს ოთიაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო შალვა ხაჭაპურიძის საკონსტიტუციო სარჩელს პრინციპულად არ ეთანხმება. შსს-ს აკადემიის პრორექტორმა სოფო კილაძემ „ლიბერალს" უთხრა, რომ სუბუტექსის ფსიქოტროპების სიაში გადატანა, შესაბამისად, სასჯელის შემცირება, ქვეყანაში რთულ სიტუაციას შექმნის. მისი თქმით, არსებობს რისკი, რომ სასჯელის შემსუბუქება მოხმარების, ვაჭრობისა და ა.შ. შემთხვევებს გაზრდის.

როგორც კილაძე აღნიშნავს, თავის დროზე ბუპრენორფინი ნარკოტიკების სიაში ქვეყანაში სუბუტექსის უკანონო ბრუნვის დიდი მასშტაბების გამო გადაიტანეს, როდესაც ბევრი ადამიანი გახდა სუბუტექსზე დამოკიდებული და ამ კუთხით ქვეყანში რთული სიტუაცია შეიქმნა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასჯელის შემცირებამ შესაძლოა, ძალიან რთულ სიტუაციაში დაგვაბრუნოს, იმ მდგომარეობაში, როგორიც ცვლილების მიღებამდე იყო“, - აცხადებს კილაძე.

რაც შეეხება არგუმენტს, რომ მოხმარებისა თუ ვაჭრობის შესაძლო გაზრდის რისკის საპასუხოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი ღონისძიებები უნდა დაუპირისპიროს მას და რომ მოხმარების გაზრდის რისკის არგუმენტი შსს-ს მხრიდან პასუხისმგებლობისგან თავის დაზღვევაა, კილაძე ამბობს, რომ მათი უწყება დაკისრებულ მოვალეობას თავს არ არიდებს. როგორც კილაძე ამბობს, 2012 წლის შემდეგ, შსს-მ ნარკორეალიზაციის კუთხით მუშაობა განსაკუთრებით გააძლიერა.

სოფო კილაძე „ლიბერალთან“ საუბარში ე.წ. კრაკადილისა და ბიოს მოხმარების შემცირების სტატისტიკას და თხევადი ჰეროინის ამოღების შემთხვევებს იხსენებს.  

კილაძე, ასევე არ იზიარებს შალვა ხაჭაპურიძის არგუმენტს, რომ სუბუტექსის ნარკოტიკულ სიებში გადატა გაეროს კონვენციის დარღვევაა. როგორც კილაძე ამბობს, ადვოკატის არგუმენტი სამართლებრივად სწორი არ არის.

„1971 წლის კონვენციის 24-ე მუხლი პირდაპირ მიუთითებს, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება თუ ამას მისი საჭიროება მოითხოვს, ესა თუ ის ნივთიერება უფრო მკაცრი რეჟიმის კონტროლს დაუქვემდებაროს. ის, რომ ნივთიერებების სხვა სიაში გადატანა არ შეიძლება, ეს არსად წერია“, - ამბობს კილაძე.

აღნიშნულ საკონსტიტუციო სარჩელზე განსხვავებული პოზიცია აქვთ თავად თემის წევრებს. როგორც „ლიბერალითან“ საუბრისას „ახალი ვექტორის“ დირექტორი კოკა ლაბარტყავა აღნიშნავს, ერთი სიიდან მეორეში ნივთიერებების გადატანით, მთავარ პრობლემას არ ეშველება და აუცილებელია, რომ ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხდეს.

„საუბარია იმაზე, რომ საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემის გამო ადამიანებს ციხეში არ უნდა ვუშვებდეთ. რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანისთვის ეს საკანონმდებლო სარჩელი შესაძლოა, შვების მომტანი გახდეს, მაგრამ რა დააშავეს დანარჩენმა ადამიანებმა, ვინც საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელს იხდის. ასეთი ადამიანი არის ძალიან ბევრი, ამ ადამიანებმა საკუთარ თავზე ხელისუფლების ძალიან ცუდი დამოკიდებულება გადაიტანეს, ეს დამოკიდებულება დღესაც გრძელდება“, - ამბობს ლაბარტყავა.

მისი თქმით, ამ სიტუაციის გამოწორებას კომპლექსური მიდგომა სჭირდება.

ანალოგიური პოზიცია აქვს ნარკოლოგ დავით ოთიაშვილაც. ოთიაშვილი აღნიშნავს, რომ საერთო პრობლემა ერთი ნივთიერებას სხვა სიაში გადატანით ვერ გადაიჭრება. მისი თქმით, საქართველოში ნარკოკანონმდებლობის პრობლემის გადაჭრისთვის ეს გამოსავალი არ იქნება.

„აქ უნდა იყოს პრინციპული გადაწყვეტიულება, რომ მომხმარებისთვის ადამიანები სისხლის სამართლის კოდექსით არ უნდა სამართლებოდნენ. ამა თუ იმ ნივთიერების ფლობის და არა ვაჭრობის შემთხვევებთან დაკავშირებით ის უმკაცრესი, დრაკონული კანონმდებლობა, რომელიც საქართველოშია, რედიკალურად უნდა გადაიხედოს“, - ამბობს ოთიაშვილი.

ის, რომ საქართველოს ნარკოპოლიტიკაში „დრაკონული“ კანონმდებლობაა, ამ მოსაზრებას არ იზიარებს სოფო კილაძე. მისი თქმით, ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს დაბალანსებული, არც ძალიან მკაცრი და არც ძალიან ლიბერალური. ორივე შემთხვევას მოსახლეობის ჯანმრთელობის კუთხით ქვეყანაში არასასურველი შედეგები მოაქვს.

„აცხადებენ, რომ საქართველო არის უკანასკნელი ბლოკ-პოსტი, რეგიონსა და მთელ მსოფლიოშიც კი, სადაც ძალიან მკაცრი მიდგომებია. თუმცა ასე ნამდვილად არ არის. განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდა სიტუაციის დაბალანსებისკენ და ამ საკითხს ჩვენ ძალიან წარმატებულად ვართმევთ თავს. ბუნებრივია, რჩება ბევრი პრობლემა, მაგრამ ამ საკითხებს თანმიმდევრულად სჭირდება გადაწყვეტა გრძელვადიან პერსპექტივაში“, - ამბობს კილაძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^