
ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილი ამბობს, რომ შეწყალების სანაცვლოდ თანხა არავისთვის გადაუხდია.
„ყოველთვის გამართლებას ვითხოვდი, თუმცა როცა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელისაშვილი გახდა, ციხეში შემოვიდა. მან თქვა, რომ ჩემს საქმეს იცნობდა და ადვოკატებს ჩემი საქმე კომისიაში უნდა მიეტანათ, რომ უდანაშაულო ვარ, რის შემდეგაც პრეზიდენტს თვითონ შეუტანდა ჩემს საქმეს. სწორედ ამის შემდეგ დავწყვიტე, შეწყალებაზე განცხადება დამეწერა და ამის შემდეგ მოვიკითხე ჩემი საქმე მანანა კობახიძესთან. იქამდე არა შეწყალებას, არამედ გამართლებას ვითხოვდი", - თქვა ზაუტაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
მანანა კობახიძემ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი ე.წ. კოკაინის საქმეში ადვოკატი ნამდვილად იყო.
„მე ვიყავი ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატი 2011 წელს სააპელაციო სასამართლოსა და შემდეგ უზენაეს სასამართლოში. დიახ, ამ ადამიანების შეწყალებას ნამდვილად ვითხოვდი,“ - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.
მისი განმარტებით, იგი მითხოვდა შეწყალებას, რადგან დღესაც ფიქრობს, რომ პატიმრობაში „სერიოზული საპროცესო დარღვევებით იმყოფებიან“. კობახიძის თქმით, ჩვენებები მოწმეებზე ზეწოლით მოიპოვეს და ბევრის პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა.