ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამშრომელი - ანზორ გუნბერიძე დააკავეს.
საგამოძებო სამსახურში აცხადებენ, რომ ბრალდებულმა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის ზედამხედველობის პროცესში, რომელიც ვანდალიზმის შედეგად დაზიანებული ფასადების აღდგენას ეხებოდა, კერძოდ კი ერთ-ერთ ობიექტზე ვითომდა გაკრული პლაკატებისაგან გასუფთავებას, რაც რეალურად არ არსებობდა, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი ყალბი აქტი დაამზადებინა, რის საფუძველზეც მერიიდან აღნიშნულ კომპანიას საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა 5000 ლარი. სანაცვლოდ, ბრალდებულმა ქრთამის სახით მოიოთხოვა და აიღო თანხის ნახევარი, 2500 ლარი.
„ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას" - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.