არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმართა შეწყალების პროცესში შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და შეშფოთებას გამოთქვამენ მაღალი თანამდებობის პირებისა და პოლიტიკოსების მხრიდან არაჯანსაღ რეაქციათან დაკავშირებით, რომელიც შეწყალების კომისიის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებებს მოჰყვა.
განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები განსაკუთრებულად შემაშფოთებლად მიიჩნევენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისა და ამავდროულად საპროკურორო საბჭოს წევრის ეკა ბესელიას განცხადებებს და მითითებებს იმაზე, რომ თავად ალეკო ელისაშვილმა უნდა ამტკიცოს დანაშაულის ჩადენის ფაქტი და რომ მისი ქმედებების მიმართ ბევრი კითხვა ჩნდება.
„საპროკურორო საბჭოს ძირითადი მიზანია საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და პროკურატურის ფუნქციების ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობა. დაუშვებელია საპროკურორო საბჭოს წევრის მიერ, საზოგადოების მაღალი ინტერესის მქონე საქმის ირგვლივ, რომელშიც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზეა საუბარი, მსგავსი საჯარო განცხადების გავრცელება. ეს შესაძლოა ნეგატიურად აისახოს პროკურატურის საქმიანობაზე და საფრთხე შეუქმნას მიმდინარე პროცესის ობიექტურად და პოლიტიკური გავლენის გარეშე წარმართვას,”- წერია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ცრუ დასმენის მოტივით პასუხისმგებლობაზე მითითება უარყოფით გავლენას მოახდენს მოქალაქეებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის ხარისხზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც განმცხადებლები, მოწმეები ან დაზარალებულები არ იკავებენ თანამდებობებს, მათ მიმართ დაბალია ცნობადობა და შესაბამისად ნაკლებია საზოგადოების ინტერესი და მხარდაჭერა.
ასევე არასამთავრობოების განცხადების თანახმად განსაკუთრებით სახიფათოდ საპროკურორო საბჭოს წევრებისა და დეპუტატების იმგვარ განცხადებები მიიჩნევა, რომლებიც პროცესის დროულად და ობიექტურად წარმართვის საფრთხეებს წარმოქმნიან და ამავდროულად დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებელ პირზე ნეგატიური ზემოქმედების შედეგს აყენებენ.
განცხადებას აწერს 14 არასამთავრობო ორგანიზაცია:
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
იდენტობა
კავშირი “საფარი”
მედიის განვითარების ფონდი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” (OSGF)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
ადამიანის უფლებათა ცენტრი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია