Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სიტყვით გამოსვლის სრული ტექსტი - პაატა ბურჭულაძემ ფონდის ხედვა წარმოადგინა

24 დეკემბერი, 2015 13:00

სასტუმრო „რედისონში" ოპერის ცნობილი მომღერლის, პაატა ბურჭულაძის მიერ დაფუძნებული „საქართველოს განვითარების ფონდის" პრეზენტაცია მიმდინარეობს. 

პაატა ბურჭულაძემ, რომელიც დღემდე აცხადებს, რომ პოლიტიკაში მოსვლას არ გეგმავს, პრეზენტაციაზე ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და პრობლემების გადაჭრის ხედვა წარმოადგინა.

„ლიბერალი" პაატა ბურჭულაძის სიტყვით გამოსვლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„სულ ცოტა ხანში ჩვენი სახელმწიფო დამოუკიდებლობის 25 წლისთავს აღნიშნავს. ნუთუ 25 წელი - მეოთხედი საუკუნე - არ იყო საკმარისი, რომ უკვე დღეს ეკონომიკური განვითარების სულ სხვა საფეხურზე ვყოფილიყავით?

ვნახოთ ესტონეთის მაგალითი. მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისით, ესტონეთი საქართველოზე სამჯერ მცირეა. 25 წელიწადში ბალტიისპირეთის სახელმწიფომ შეძლო, რომ მისი მთლიანი შიდა პროდუქტი 26 მილიარდი დოლარი ყოფილიყო.  ესტონეთმა, ლიტვამ და ლატვიამ შეძლეს. ჩვენ - ვერა. კაცობრიობა კი ვითარდება და სწრაფი ნაბიჯებით მიდის წინ. ჩვენ ძლიერ ჩამოვრჩით. ასე გაგრძელება არ შეიძლება. მეტად დაგვიანების უფლება უბრალოდ არ გვაქვს.

ამა წლის ნოემბერში საარსებო შემწეობის მისაღებად რეგისტრაცია გაიარა მილიონ-ნახევარზე(1 500 000) მეტმა ადამიანმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 42% თავს ღატაკად მიიჩნევს.აქედან მხოლოდ 371 ათასმა მიიღო შემწეობა. შემწეობა, რომლის მაქსიმალური რაოდენობა 60 ლარია. მილიონ 200 ათას გაჭირვებულ ადამიანს - თითქმის ყოველ მესამე ჩვენგანს -იმ 60 ლარზეც კი უარი ეთქვა.დღეს ბევრი მოლოდინის რეჟიმშია, როდის მიაღწევს საპენსიო ასაკს, რომ მიიღოს 160-ლარიანი პენსია - მისი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო. ჩვენ კი გვეუბნებიან, რომ ეკონომიკა ვითარდება, ჩვენი ვალუტა სტაბილურია, ერთი სიტყვით, ყველაფერი კარგად არის.

ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმად 290 ლარი დაწესდა.გამოდის, თვეში 72 ლარი ერთ ადამიანს უნდა ეყოს კვებისთვის, მკურნალობისთვის, კომუნალური გადასახადებისთვის. თუ ეს ასეა, მართლაც, ყველაფერი კარგად ყოფილა.

246 ათასი დევნილი, რომელთა სახლები, სალოცავები და წინაპართა საფლავები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, სახელმწიფოსგან 45-ლარიან შემწეობას იღებს. ჩვენ კი გვეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად არის. და იმასაც გვეუბნებიან, რომ რუსეთთან ურთიერთობა ლაგდება.

ერთადერთი, რაც ჩემს სამშობლოში უდავოა, გახლავთ ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირება. 2013 წელი: საქართველოს ეკონომიკა 3,3 პროცენტით გაიზრდა. 2014 წელი: საქართველოს ეკონომიკა 4,6 პროცენტით გაიზარდა. 2015 წელი: მხოლოდ და მხოლოდ 2 პროცენტი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2016 წელს ჩვენი ეკონომიკა 3 პროცენტით გაიზრდება. გვიფიქრია, სად მიგვიყვანს ჩვენ ეს 15 წლის შემდეგ? გეტყვით: 15 წლის შემდეგ ჩვენ განვითარებული სამყაროსგან ვიქნებით ისე შორს, როგორც არასდროს ჩვენი სამშობლოს ისტორიის განმავლობაში. ასეთი ზრდის ტემპით ჩვენ ვერასდროს მივუახლოვდებით ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყნებსაც კი. ჩვენ გვეუბნებიან, რომ რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი საქართველოს აქვს და ყველაფერი კარგადაა.

და ისევ სტატისტიკა: 1990 წელს, გაეროს მონაცემებით, საქართველოში ხუთ-ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. დღეს, 2015 წლის მიწურულს, საქართველოში ცხოვრობს 3,7 მილიონი ადამიანი. დედები შორდებიან ბავშვებს, ოჯახები იშლება. თითქმის ყველა ოჯახიდან ერთი წევრი მაინც წასულია საზღვარგარეთ, რომ ოჯახი არჩინოს. ჩვენი ახალგაზრდები უიმედობის გამო ტოვებენ სამშობლოს და მიდიან საზღვარგარეთ, სადაც ნებისმიერ სამუშაოს თანხმდებიან, რადგან თავიანთ სამშობლოში მათთვის სამუშაო ადგილები არ იქმნება.

ბატონებო, 2010 წლიდან მე გახლავართ იუნისეფის კეთილი ნების ელჩი. გარდა ამისა, ბავშვებთან ვმუშაობ ფონდ „იავნანაშიც“, ამიტომ ჩემთვის კარგად არის ცნობილი, როგორია ბავშვების ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში. პირადად ვყოფილვარ საქართველოს სოფლების, რაიონებისა და ქალაქების არაერთ ოჯახში, სადაც ბავშვმა ტკბილეულის გემო არ იცის. ვყოფილვარ ოჯახებში, სადაც ბავშვების ერთადერთი საკვები პურია. ასეთი ოჯახი საქართველოში უამრავია. ყველანი შეგვძრა აბაშიძეების ოჯახის ტრაგედიამ, როცა ერთი წლის გოგიტა შიმშილით დაიღუპა. გაეროს ბავშვთა ფონდის სტატისტიკით, ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის 1000 ბავშვი იღუპება. აქედან 300 კვების დეფიციტის გამო. 2015 წლის დეკემბერია და გვიმეორებენ, რომ ყველაფერი რიგზეა.

მე-19 საუკუნეში გერმანელი მოგზაური ემილ კოხი წერდა. ვციტირებ:„მე არ ვიცი სხვა ადგილი, რომელსაც ჩემზე ასეთი სასიამოვნო შთაბეჭდილება მოეხდინოს იმიტომ, რომ აქ, თბილისში, აღმოსავლური ხასიათი ევროპულის გვერდით საკმაოდ წმინდად არის შემონახული... ყველაზე ლამაზად მაინც მტკვრის ნაპირას მდებარე, ჩამწკრივებული სახლები გამოიყურება, განსაკუთრებით საღამო ჟამს, როდესაც მდინარეში ათასფერადი ნათურების სინათლე ირეკლება ხოლმე...“ იცნობდა კი მეცხრამეტე საუკუნის თბილისის სტუმარი ქალაქს დღეს? იქნება ეს კოხი, ჰამსუნი თუ დიუმა. რა თქმა უნდა, არა. თითქმის ასი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლშევიკებმა ჩვენს დედაქალაქზე ძალადობის სეზონი გახსნეს და გადაწყვიტესძველი თბილისის, როგორც ბურჟუაზიული გადმონაშთის გაქრობა. ასი წლის შემდეგაც ისტორიულ ქალაქზე ძალადობა არ სრულდება. 90-იანი წლების ნგრევას დაემატა ძალადობის ახალი ფაქტებიდა ჩვენ თანდათან ვკარგავთ ქალაქის ისტორიულ ნაწილს.

„საქართველოს განვითარების ფონდი“ დაფუძნდა იმიტომ, რომ ჩვენ ვფიქრობთ: არა. საქართველოში ყველაფერი კარგად არ არის. ჩვენ ვამბობთ, ასე გაგრძელება არ შეიძლება.

„საქართველოს განვითარების ფონდი“ დაფუძნდა იმისთვის, რომ დაასრულოს ნეპოტიზმის, არაპროფესიონალიზმის, უპასუხისმგებლობის, გულგრილობის და შიშის ეპოქა. დიახ, შიშის ეპოქა: ადრე ხელისუფლების გვეშინოდა, დღეს კი გვეშინია ხვალინდელი დღის.

„საქართველოს განვითარების ფონდი“ დაფუძნდა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ადამიანების „ჩემიანებად“ და „სხვისიანებად“ დაყოფა.მე მიმაჩნია, რომ სწორედ დაყოფა იყო მთავარი დამანგრეველი ძალა ბოლო 25 წლის განმავლობაში.ამდენად, ჩვენ არ ვქმნით პოლიტიკურ ორგანიზაციას. „საქართველოს განვითარების ფონდი“ არის საზოგადოებრივი ინიციატივა, რომელიც ჩვენ ყველას საერთო მიზნისა და საერთო იდეალების ირგვლივ გაგვაერთიანებს.ჩვენი ფონდი არის ყველა თავისი საქმის მცოდნე ადამიანისთვის, მიუხედავად იმისა, თუ სად არის ის - სახელმწიფო სამსახურში, არასამთავრობო ორგანიზაციაში თუ კერძო ბიზნესში; მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ის - ქართველი, აფხაზი, ოსი, რუსი, სომეხი, ეზიდი, აზერბაიჯანელი, უკრაინელი, ქისტი, ბერძენი; და, რა თქმა უნდა,მიუხედავად იმისა, თუ სად ლოცულობს ის. ფონდი შეიქმნა ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებისთვის. ჩემი დიდი სურვილია, რომ „საქართველოს განვითარების ფონდის“ ირგვლივ გაერთიანდნენ ახალგაზრდები, ვინაიდან მათი მონაწილეობის გარეშე ჩვენი ქვეყნის წინსვლა წარმოუდგენლად მიმაჩნია. ფონდი შეიქმნა ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს, მიიღოს მონაწილეობა განვითარებასა და გამარჯვებაში, რადგან საქართველო ყოველი ჩვენგანის საზრუნავია.

მეგობრებო, რადგან „საქართველოს განვითარების ფონდი“ ჩემგან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, გავაუქმე ჩემი ყველა გასტროლი საზღვარგარეთ, ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელობა ბატონ გურამ ახალაიას გადავაბარე. თუმცა ვრჩები გამგეობის წევრად და, რა თქმა უნდა, ფონდის აქტიურ მონაწილედ.

რაც შეეხება ფონდ „ივერიისას“, უწმინდესთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ მახათას მთაზე მშენებლობას გააგრძელებს გამგეობა და ქტიტორთა საბჭო. მე კი მთლიანად გადმოვერთვები „საქართველოს განვითარების ფონდის“ საქმიანობაში.

რადგან მახათას მთას შევეხეთ, მინდა გითხრათ, რომ უდიდესი მნიშვნელობის ტაძარს ხალხი თავისი კეთილი ნებითა და თანაბარი მონაწილეობით აშენებს. იქ შესულ ყველა დედას შეეძლება თავის შვილს უთხრას: „ეს ტაძარი მე და შენ ავაშენეთ მთელ საქართველოსთან ერთად!“ ჩვენი სამშობლოც ამ ტაძარივით ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ. უნდა ვაშენოთ სიყვარულით და სიამაყით, რომ ერთ დღეს ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს ვუთხრათ: „ეს ქვეყანა მე და შენ ავაშენეთ მთელ საქართველოსთან ერთად!“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^