სტამბოლის კონვენციის თანმდევი ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ შემუშავდა, მზადაა, - თქვა იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თეა წულუკიანმა პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე, სადაც მთავრობის წევრობის კანდიდატების უსმენენ.
წულუკიანი იუსტიციის სამინისტროს 2016 წლის საკანონმდებლო გეგმაზე საუბრობს: „მზადაა სტამბულის კონვენციის თანმდევი ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადდა. ცვლილება ეხება 20 კანონს და არასამთავრობო სექტორთან ერთად შეჯერებულ ვერსიას, წარვადგენთ 2016 წელს სტამბოლის კონვენციასთან ერთად რატიფიცირებისთვის“.
2014 წლის 20 ივნისს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სტრასბურგში ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციას „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“. სტამბოლის კონვენციის სახელით ცნობილი დოკუმენტი ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას და, ასევე, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა მომზადებას.
საქართველოს პარლამენტში დღეს მთავრობის წევრობის კანდიდატებს უსმენენ. გაიმართება. ახალი მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კი პარლამენტი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დასახელდა, რომელიც პრეზიდენტმა პარლამენტს წარუდგინა.
კვირიკაშვილმა პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად მთავრობა თითქმის უცვლელი შემადგენლობით წარუდგინა. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას, ამ პოსტზე მიხეილ ჯანელიძეა წარდგენილი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მანამდე კი 4 წლის განმავლობაში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო.