საბურთალოს რაიონის საცობებისგან განტვირთვის მიზნით, თბილისის მერიამ საერთაშორისო კომპანია A+S Consult GmbH Forschung und Entwicklung-ს გასატარებელი ღონისძიებების შესახებ კვლევა შეუკვეთა, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების გამტარუნარიანობის გაუმჯობესების რამდენიმე ვარიანტს ითვალისწინებს, მათ შორისაა: საგზაო მოძრაობის რეგულირება, ჭკვიანი შუქნიშნების დაყენება, კუნძულების შექმნა და ა.შ.
„შესაბამისად, რაიმე ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილების მიღებამდე, სწორედ ამ მოდელს გავითვალისწინებთ. ასევე, მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ ინფრასტრუქტურული განვითარება ქალაქში არსებული პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისი არ იქნება, ძალიან მნიშვნელოვანია განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც“, - განაცხადა ვიცე-მერმა, ლაშა აბაშიძემ.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ საუკეთესო ვარიანტის შესაბამისად, საჭირო ღონისძიებების შემდგომ აღნიშნულ მონაკვეთებზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გადაადგილება და განიტვირთება საგზაო მოძრაობა, ამასთან, გაიზრდება სატრანსპორტო საშუალებების გამტარუნარიანობა.