„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე იწვევს.
როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, საპარლამენტო უმცირესობა მზადყოფნას გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღოს ღია საკომიტეტო განხილვაში, რომელსაც დაესწრებიან, როგორც „ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები და ყველა დაინტერესებული პირი.
ენმ-ში აცხადებენ, რომ საჭიროა ხელშეკრულების ყველა დეტალი გასაჯაროვდეს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეთავავზებები უარყოფილი იქნება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყველა საშუალებას მიმართავს „ამ უკეთური მცდელობების შესაჩერებლად, მათ შორის ქუჩის აქციებსაც“.
2015 წლის 5 ნოემბერს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს განცხადებით მიმართა, დასწრებოდა საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების გაერთიანებულ სხდომას, რომელიც 11-13 ნოემბერისთვის იყო დაგეგმილი. სხდომა შეეხებოდა საქართველოს მთავრობასა და სააქციო საზოგადოება „გაზპრომს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს. როგორც პარტიაში აცხადებენ, გადატვირთული გრაფიკის გამო, კახი კალაძე შეხვედრაზე არ მისულა. ენმ-მა ენერგეტიკის მინისტრს 16 ნოემბერსაც მიმართა, 25-27 ნოემბერს დაგეგმილ გაერთიანებულ სხდომაზე დასასწრებად. გადატვირთული გრაფიკისა და დაგეგმილი სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების გამო, კახი კალაძე სხდომას არ დასწრებია.