ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის თქმით, ბუნებრივი აირის დეფიციტის შევსება წელს აზერბაიჯანული გაზით ვერ მოხერხდება. მისი თქმით, იგეგმება პროექტი, რომელიც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, მეტი ბუნებრივი აირი მიიღოს აზერბაიჯანიდან.
ვიცე-პრემიერის განმარტებით, „სოკარის" ორივე მილსადენი დღეს მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს, თუმცა მომავალში იგეგმება პროექტის განხორციელება, რომელიც მილსადენში დამატებითი მოცულობის გატარების შესაძლებლობას შექმნის. კალაძე განმარტავს, რომ აქამდე დეფიციტის შევსება „გაზპრომის" გაზით ხდებოდა.
„ამ დეფიციტს „გაზპრომის" გაზით ვავსებდით წლების განმავლობაში. ალბათ მომავალშიც ასე მოხდება, თუმცა არის რეალური ტექნიკური შესაძლებლობა, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ალბათ საჭირო გახდება დამატებითი ინვესტიციები - კომპრესორები იქნება გასაკეთებელი, რომ დამატებითი მოცულობები მივიღოთ", - ამბობს კალაძე, რომელიც დღეს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრთან ერთად „სოკარის" წარმომადგენლებს შეხვდა.
კალაძის განმარტებით, შაჰ-დენიზის პროექტი უკვე დაწყებულია და 2019 წელს გვექნება შესაძლებლობა, დამატებითი მოცულობები მივიღოთ.