ახალი ავტობუსების შესაძენად ტენდერი უახლოეს რამდენიმე დღეში გამოცხადდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ნარმანია თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც ახალი ავტობუსების შემოყვანის საკითხს ეხებოდა.
„ოპოზიციამ უმჯობესია, განმარტოს, ამდენ ხანს რატომ ვერ მოაგვარეს ავტობუსების პრობლემა, როდესაც მმართველობაში იყვნენ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ აბსოლუტურად გაუბედურებული პარკი გადმოგვაბარეს და ყოველდღიურად ფუჭდება ავტობუსები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაჩქაროთ წინამოსამზადებელი სამუშაოები და გამოვაცხადოთ ტენდერი. საბოლოო ფაზაა ტენდერის გამოცხადებამდე და ეს უახლოეს დღეებში მოხდება", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა თბილისში ახალი ავტობუსების შესაძენად 30 მილიონი ევროს ღირებულების სესხი უნდა გამოყოს, რომლითაც თბილისის მერია 150 ახალ ავტობუსს შეიძენს.