„ჩვენ ვაპირებთ 2016 წელს არჩევნებში მონაწილეობას, მათ შორის მოგებას," - განაცხადა „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" დამფუძნებელმა, ზურა ჯაფარიძემ.
„გირჩის" ოფისში გაიმართა ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც გადასახედების შემცირებასა და სოციალური დახმარების სისტემის რეფორმირებას გულისხმობს.
„ჩვენი პროგრამის მთავარი არსია გადასახადების შემცირება, რათა მეტი ფული დარჩეს ქვეყნის ეკონომიკაში და გაიზარდოს სწრაფად, რაც ბუნებრივად გულისხმობს იმას, რომ მთავრობის ზომა, ანუ სახელმწიფო ბიუროკრატია უნდა შემცირდეს. 19 სამინისტროდან უნდა დავტოვოთ 8 სამინისტრო და ბიუჯეტი დღეს არსებული 10-11 მლრდ-დან, შემცირდეს 8 მლრდ-მდე. სახელმწიფომ აღარ აიღოს ახალი ვალები, არ გამოიწვიოს ინფლაცია, ბიუჯეტი არ იყოს დეფიციტური", - განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, ქვეყანამ სწრაფად და მყისიერად უნდა შეძლოს გაჭირვებულების დახმარება.
„ამ მხრივ, უნდა მოხდეს სოციალური დახმარების სისტემის რეფორმირება, ფული აღარ გაიფანტოს მდიდარ ოჯახებზე და მთლიანად წავიდეს გაჭირვებული ოჯახებისკენ, რომ არ იყოს ეს დახმარება რაღაც სიმბოლური ხასიათის, როგორც ახლა გვაქვს, ვითომ ვეხმარებით", - აღნიშნა ზურა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის თქმით, ეკონომიკური პროგრამა იქნება წინაასაარჩევნო პროგრამის ნაწილი. „ეს არის მხოლოდ ეკონომიკური ნაწილი და ჩვენი მომზადებული სექტორული რეფორმები იქნება ეს: ჯანდაცის, განათლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა თუ თავდაცვის და ა.შ. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი იქნება წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილი. ჩვენ ვაპირებთ 2016 წელს არჩევნებში მონაწილეობას, მათ შორის მოგებას და რომ მოვიგებთ მერე ამ ყველაფერს გავაკეთებთ", - აღნიშნა მან.