„გირჩის" წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია გამართა, რომელიც გადასახედების შემცირებასა და სოციალური დახმარების სისტემის რეფორმირებას გულისხმობს.
პროგრამა ითვალისწინებს საგადასახადო ლიბერალიზაციას, რაც გულისხმობს მოგების, საშემოსავლო, ქონებისა და იმპორტზე გადასახადის გაუქმებას, ასევე - თავისუფალ სავალუტო რეჟიმს. ბიუჯეტი კი 10-11 მლრდ ლარიდან 7,931,411,683 ლარამდე შემცირდება. „გირჩის" დამფუძნებლის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ეს სრულიად საკმარისია მთავრობის სამოქმედოდ.
პროგრამა ასევე ითვალისწინებს მთავრობის შეკვეცასა და უფლებამოსილების შეზღუდვას, 19 სამინისტროდან 8 სამინისტროს დატოვებას.
მათივე განცხადებით, უნდა აიკრძალოს ახალი სახელმწიფო ვალის აღება და დეფიციტური ბიუჯეტის მიღება; ქონება აღარ უნდა გაიყიდოს 1 ლარად - ქონება გაიყიდება იმაზე, ვინც ყველაზე მეტს გადაიხდის და მოქალაქეებზე თანაბრად განაწილდება. „გირჩში" აცხადებენ, რომ მიწები, რომელთაც ჰყავთ ტრადიციული მესაკუთრე, უნდა დაურეგისტრირდეს მფლობელებს, ასევე უნდა მოხდეს სახელმწიფოში არსებული ქონების პრივატიზაცია, მიღებული თანხა კი ქვეყნის ყველა მოქალაქეზე პროპორციულად გადანაწილდეს. მიწის მესაკუთრე ამავდროულად უნდა გახდეს ამ მიწაში არსებული ნებისმიერი რესურსის მესაკუთრე (ე.წ. ანგლო-საქსური მოდელი).
პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია გაჭირვებული ოჯახების თანადგომა და სოციალური დახმარების რეფორმირება. მათი აზრით, დღეს სოციალურ დახმარებებზე იხარჯება დაახლოებით 4,500,000,000 ლარი, მაგრამ 432,622 მოქალაქე მაინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, რადგან დახმარება ყველაზე ერთნაირად ნაწილდება, მდიდარზეც და ღარიბზეც, გამოსავალი კი ამ სისტემის შეცვლა და თანხის გაჭირვებული მოსახლეობისაკენ მიმართვაა: შეძლებული ოჯახი მიიღებს სარგებელს იმით, რომ მათი შრომა და შემოსავალი არ დაიბეგრება; საშუალო ფენა მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან იმისათვის, რომ არ ჰქონდეს ჯანმრთელობის პრობლემების შიში; ღარიბი ოჯახები მიიღებენ ყველაზე მეტ დახმარებას. აგირჩში“ ასევე გეგმავენ ოჯახის გაძლიერების ფინური მოდელის შემოღებას, რაც ითვალისწინებს არა სახელმწიფო სერვისებით, არამედ ფულად დახმარებას.
„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" დამფუძნებელმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ეკონომიკური პროგრამა წინაასაარჩევნო პროგრამის ნაწილი იქნება.
„ეს არის მხოლოდ ეკონომიკური ნაწილი და ჩვენი სექტორული რეფორმები, იქნება ეს ჯანდაცის, განათლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა თუ თავდაცვის და ა.შ. საბოლოო ჯამში არის წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილი. ჩვენ ვაპირებთ 2016 წელს არჩევნებში მონაწილეობას, მათ შორის მოგებას და რომ მოვიგებთ მერე ამ ყველაფერს გავაკეთებთ", - აღნიშნა მან.