საქართველოს პროფკავშირები ჭიათურაში ოთხი თვით მადნის მოპოვების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და იმ შედეგებზე საუბრობს, რომელმაც შესაძლოა, დიდი სოციალური პროტესტი გამოიწვიოს.
პროფკავშირების განმარტებით, ე.წ. სპეციალური რეჟიმი, რომელსაც საქართველოს შრომის კანონმდებლობა არ ცნობს, უნდა შეიცვალოს შრომის კოდექსით განსაზღვრული „იძულებითი მოცდენით", რაც დასაქმებულის შრომის 100%-ით ანაზღაურებას გულისხმობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია, თავად დაფაროს მაღაროელთა და მათი ოჯახების შემოსავლის 40%-იანი დანაკლისი იძულებითი უმუშევრობის 4-თვიან პერიოდში.
ზაქარია ზალიკაშვილი, „ჯორჯიან მანგანეზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი „ლიბერალთან” საუბრისას განმარტავს, რომ, სანამ კომპანია მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადავიდოდა, მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობდა კომპანიის იურისტებთან. ზალიკაშვილის თქმით, მართალია, ტერმინი „სპეციალური რეჟიმი” კანონში არ არსებობს, მაგრამ ის არ ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კანონმდებლობას:
„ჯორჯიან მანგანეზი” კერძო კომპანიაა, შესაბამისად, სახელმწიფო არ ჩაერევა ასეთ დეტალებში, კომპანიამ მთავარია დაასაბუთოს სპეციალურ რეჟიმზე გადასვლის მიზეზები. ჩვენ 1 თვით ადრე მოლაპარაკებები გვქონდა დასაქმებულებთან, მათ ხელშეკრულება გავაცანით, რის საფუძველზეც ხელფასის 60% და სხვა სოციალური გარანტიები შევუნარჩუნეთ. ეს გადაწვეტილება შესაბამის სახელმწიფო უწყებებსაც გავაცანით”, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
ზაქარია ზალიკაშვილი კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის აუცილებლობაზე საუბრობს. განმარტავს, რომ „ჯორჯიან მანგანეზს” აღარ აქვს შეკვეთები და რეალიზების კარგი მაჩვენებელი, შესაბამისად, კომპანიამ რომ ეკონომიკური ეფექტი მიიღოს და არ გაკოტრდეს, სპეციალურ რეჟიმზე გადასვლა დროული გამოსავალი იყო.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მოითხოვს ოფიციალური დოკუმენტის გაფორმებას, რომლითაც სახელმწიფო გახდება გარანტი 2016 წლის 20 მაისს ჭიათურის მაღაროებში მუშაობის განახლებისა, ხოლო თუ კომპანია 20 მაისს არ განაახლებს მოპოვება-წარმოების პროცესს, სახელმწიფო აიღებს პასუხისმგებლობას მის ამოქმედებასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე.
კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ 20 მაისს ჭიათურაში მანგანუმის მოპოვება აღდგება:
„ჩვენ რომ თანამშრომლების გათავისუფლების სურვილი გვქონოდა,1 თვით ადრე შევატყობინებდით, გადავუხდიდით და დავასრულებდით ამით მანგანუმის მოპოვებას. პროფკავშირებს ამ პროცესში უბრალოდ, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება უნდა, თორემ ჩვენ რომ საკუთარ თანამშრომლებს გარანტიას ვაძლევთ, ასე ვერც ერთი სამმხრივი კომისიის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით ვერ მისცემენ”.
გარდა ამისა, პროფკავშირების განმარტებით, გაუგებარია რატომ აგრძელებს ასეთ კრიზისულ მდგომარეობაში კომპანია მანგანუმის იმპორტს აფრიკის ქვეყნებიდან ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში გადასამუშავებლად.
„შექმნილი ვითარება, კომპანიის მიერ, შრომითი და სოციალური სტანდარტების მიზანმიმართული დემპინგის გამოყენების შესახებ საფუძვლიან ეჭვს ბადებს. აღნიშნული დასკვნის გამოტანის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელ სხვა მცირე საწარმოებსა და აფრიკის ქვეყნებში შრომითი და სოციალური სტანდარტები, მათ შორის შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით მდგომარეობა, „ჯორჯიან მანგანეზის" მიერ ოპერირებულ მაღაროებთან შედარებით, კიდევ უფრო უარესია, რაც, შესაბამისად, პროდუქციის თვითღირებულებას ამცირებს და უსამართლო და ამავდროულად, უკანონო კონკურენციის პირობებს ქმნის”, - წერია პროფკავშირის განცხადებაში.
ზაქარია ზალიკაშვილი აფრიკის ქვეყნებიდან მანგანუმის იმპორტირების მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ ეს მადნის გადასამუშავებლად სწორი ქიმიური პროცესების განსახორციელებლადაა საჭირო.
კერძოდ, მისი ინფორმაციით, ჭიათურის მადანი არის სველი და ე.წ. წვრილფუნქციური. მადნის დამუშავების დროს, მანგანუმთან ერთად ღუმელში კიდევ 11 სხვა კონცენტრატი იყრება. იმისთვის, რომ ჰაერს ღუმელიდან ამოფრქვევის საშუალება ჰქონდეს, წვრილფუნქციურ მადანთან ერთად უნდა ჩაიყაროს მშრალი და მსხვილფუნქციური, რომ ადგილი დარჩეს მათ შორის და ავარიული სიტუაცია არ შეიქმნას.
„აფრიკიდან იმპორტირებულ მადანს ჭიათურის მანგანუმს ვურევთ. ადრე ამ იმპორტირებული მასალის წილი 50-60% იყო, თუმცა ახლა გადამუშავების პროცესში მადნის 70%-ი ჭიათურიდანაა”, - ამბობს ზალიკაშვილი.
პროფკაშვირების განმარტებით კი ჭიათურაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობა, მისი მასშტაბებიდან და მოსალოდნელი შედეგებიდან გამომდინარე (მიუხედავად კომპანიის მიერ გადაწყვეტილებისთვის ეკონომიკური სარჩულის დადებისა) მრავალ ანალოგიას წარმოშობს სტიქიური უბედურებით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების კუთხით.
„საწარმოში დასაქმებული 3700 მაღაროელის მიერ შემოსავლის 40%-ის დაკარგვა, პირდაპირპროპორციულად უკიდურესად ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს ჭიათურის რაიონის 15 000-მდე მცხოვრებზე, მათ შორის, ბავშვებზე, მოსწავლე-ახალგაზრდობასა და სტუდენტებზე. ხოლო არაპირდაპირ, სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ჭიათურის ჯანდაცვის, კულტურულ-საგანმანათლებო, მომსახურების და ვაჭრობის ისედაც სუსტად განვითარებულ სფეროებს", - წერია განცხადებაში.