საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას აქვეყნებს და შეშფოთებას გამოთქვამს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის" გადაცემა „პროფილის“ ტელეანონსში ბავშვთა თვითმკვლელობის შემთხვევებისა და თვითმკვლელობის რისკის მქონე არასრულწლოვანთა საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით.
ომბუდსმენი განცხადებაში აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის ფაქტების გაშუქებისას აუცილებელია შესაბამისი საერთაშორისო ეთიკური და სამართლებრივი სტანდარტების დაცვა.
„დასახელებულ შემთხვევაში, არასრულწლოვანთა სუიციდის მედიაში გაშუქების მეთოდები ეწინააღმდეგება გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის (CRC) მე–3 და მე–17 მუხლებით დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელთა საფუძველზეც აღიარებულია ბავშვთა უფლება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიური, სოციალური თუ სხვა ტიპის განვითარებისათვის საზიანო ინფორმაციისაგან დაცვის უფლება.
ბავშვთა თვითმკვლელობის შემთხვევათა გაშუქების პრობლემებს ეხმიანება, ასევე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 2015 წლის მედიამონიტორინგის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, სატელევიზიო ეთერში ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქების პრობლემურ მიმართულებებს შორის არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის ფაქტების გაშუქების საკითხებიც მოიაზრება. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე–8 პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები, პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა (WHO) და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციით, ბავშვთა თვითმკვლელობის ფაქტები უნდა გაშუქდეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, იმგვარად, რომ გაშუქების პროცესში შეუძლებელი იყოს გარდაცვლილის იდენტიფიცირება მისი პატივისა და ღირსების დაცვის მიზნით.
გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი აღნიშნავს მედიის როლს ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში და განმარტავს, რომ ბავშვთა საკითხების გაშუქების ფორმას განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება. რიგ შემთხვევებში მედიამ შეიძლება ხელი შეუწყოს, გაზარდოს სტერეოტიპული დამოკიდებულებები კონკრეტული საკითხების მიმართ და უარყოფითი გავლენა მოახდინოს საზოგადოების შეხედულებაზე. მნიშვნელოვანია, რომ მედიამ თავად არ დაარღვიოს ბავშვის უფლებები.
ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტებს ეხმიანება საერთაშორისო კვლევები, რომელთა მიხედვითაც, თვითმკვლელობის შემთხვევების მედიაში გაშუქება ძლიერ ზემოქმედებას ახდენს თვითმკვლელობის რისკის მქონე ბავშვთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. უფრო მეტიც, თვითმკვლელობის შემთხვევების არაეთიკურმა გაშუქებამ, შესაძლოა, ე.წ. გადამდები ეფექტი იქონიოს არასრულწლოვნებში.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის გადაცემა „პროფილს“, თავი შეიკავოს ბავშვთა თვითმკვლელობის ამ ფორმით გაშუქებისგან, გაითვალისწინოს საკითხის მიმართ არსებული საზოგადოებრივი ინტერესი, მისი კომპლექსური ხასიათი და შესაძლო უკუეფექტის ფაქტორი.
სახალხო დამცველი ასევე, მიმართავს, სხვა მედია საშუალებებს, უზრუნველყონ სატელევიზიო ეთერში ბავშვთა თვითმკვლელობის შემთხვევებისა და თვითმკვლელობის რისკის მქონე არასრულწლოვანთა საკითხების გაშუქება შესაბამისი ეთიკური და სამართლებრივი სტანდარტების დაცვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის აუცილებელი გათვალისწინებით, ამასთან, არასრულწლოვანის პირდაპირი თუ ირიბი იდენტიფიცირებისა და თვითმკვლელობის ხერხების აღწერის გარეშე", - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.
როგორც ტოკშოუ „პროფილის" facebook-ის გვერდზე წერია, მოზარდთა სუიციდის თემაზე გადაცემის მომზადების ერთ-ერთი მოტივატორი, სახალხო დამცველის ანგარიში იყო.
„ჩვენთვის გაუგებარია, რატომ კეთდება წინასწარი შეფასება და დასკვნები გადაცემაზე, რომლიც ჯერ ეთერში არ გასულა. მით უფრო მაშინ, როდესაც გადაცემაზე მუშაობის დროს ჩვენ დავუკავშირდით სახალხო დამცველის ოფისს და მოვიწვიეთ მათი წარმომადგენელები მსჯელობაში მონაწილეობის მისაღებად, რაზეც მათ უარი განაცხადეს, თუმცა არ უთქვამთ რომ ამ თემაზე გადაცემის მომზადება არ იყო რეკომენდირებული!. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ გადაცემა მომზადებულია ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით და კვალიფიცური სპეციალისტების რეკომენდაციით, რომლებიც თემის განხილვაში თავად მონაწილეობენ. შეგახსენებთ, რომ როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით, ბავშვთა სუიციდის ფაქტები უნდა გაშუქდეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდსნ გამომდინარე. და ჩვენც ამ თემაზე მუშაობა სწორედ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიის გამო დავიწყეთ . ჩვენთვის გაუგებარია რა მიზანს ემსახურება აჟიოტაჟი ეთერში ჯერ არ გასული გადაცემის ირგვლივ. და რატომ კეთდება წინასწარი კატეგორიული შეფასებები იმაზე, რაც ეთერში ჯერ არავის უნახავს!", - წერია „პროფილის" facebook გვერდზე.
ამასთან, facebook გვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ მოზარდთა სუიციდის თემაზე მუშაობის დროს, გადაცემის რედაქციამ კონსულტაცია გაიარა კვალიფიციურ და კომპეტენტურ სპეციალისტებთან. მათი თქმით, ღია არიან ნებისმიერი რჩევისა და რეკომენდაციის მისაღებად, თუ ის საქმის გაკეთების სურვილითაა ნაკრნახევი და არ ემსახურება სკანდალის და ხმაურის ატეხვას.