რომის პაპსა და ირანის პრეზიდენტს შორის ბოლო 17 წლის განმავლობაში პირველი შეხვედრა შედგა. პაპმა ფრანცისკემ ჰასან როჰანის მოუწოდა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტების პოლიტიკური გზით მოგვარებაში.
„ორმა ლიდერმა ხაზი გაუსვა რელიგიათაშორისი დიალოგის მნიშვნელობას ამ საკითხების გადაწყვეტაში და რელიგიური გაერთიანებების პასუხისმგებლობას შერიგების, ტოლერანტობისა და მშვიდობის გაღვივებაში“, - ნათქვამია ვატიკანის განცხადებაში.
რომის პაპთან 40-წუთიანი დახურული შეხვედრა იტალიასა და საფრანგეთში პრეზიდენტ როჰანის 4-დღიანი ვიზიტის ფარგლებში შედგა. ირანის ლიდერის მიზანია სავაჭრო და ბიზნესურთიერთობების აღდგენა მრავალწლიანი მკაცრი სანქციების შემდეგ, რომელიც ირანს 16 იანვარს მოუხსნეს.
როჰანიმ იტალიაში ხელი მოაწერა ხელშეკრულებას გაზის მიწოდების შესახებ, საფრანგეთში კი მისი გარიგება Airbus-ის 127 თვითმფრინავის შეძენასა და ფრანგული ავტომანქანების მწარმოებელ კომპანია პეჟოსთან თანამშრომლობის გაფორმებაში გამოიხატება.
ბიზნესლიდერებთან შეხვედრისას როჰანიმ განაცხადა, რომ „ყურანი მუსლიმებს მოუწოდებს, პირველ რიგში ეკლესიები და სინაგოგები დაიცვან. ეს ტოლერანტობას ნიშნავს“.
ირანის პრეზიდენტს იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი კაპიტოლიუმში შეხვდა. როჰანის პატივსაცემად მუზეუმებში კლასიკური რომაული ეპოქის ქანდაკებები, სადაც ადამიანების სიშიშვლე ჩანს, მუყაოს მაღალ ყუთებში შეფუთეს.
კიდევ ერთი შეზღუდვა, რასაც იტალიელებმა როჰანის გამო მიმართეს, ოფიციალური სადილების მენიუდან ღვინის ამოღება იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ საფრანგეთს მათთვის არ მიუბაძავს.
ირანსა და იტალიურ კომპანიებს შორის 17 მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგება დაიდო.
წყარო: The New York Times, BBC