„საქართველოს არ გააჩნია სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებათა გამოძიების ქმედითი, დამოუკიდებელი მექანიზმი, რაც ხშირად იწვევს დამნაშავეთა დაუსჯელობას“, - Human Rights Watch 2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 2015 წლის ნოემბრამდე პერიოდში, სულ მცირე 41 საჩივარი მიიღო წამებისა და სასტიკი მოპყრობის თაობაზე. მათგან 23 საჩივარი პოლიციის მიერ, ხოლო 18 ციხის პერსონალის მიერ ძალადობის ფაქტებს შეეხებოდა. საიას ინფორმაციით, ხელისუფლება ვერ ახერხებს აღნიშნული საჩივრების ეფექტიანად გამოძიებას.
ანგარიშში ნახსენებია ადვოკატ გიორგი მინდაძის ცემის ფაქტი - ის პოლიციის შენობაში ხუთმა პოლიციელმა, მათ შორის პოლიციის განყოფილების უფროსმა, მას შემდეგ სცემეს, რაც თავის კლიენტს დუმილის უფლების გამოყენება ურჩია. ხელისუფლებამ პოლიციის განყოფილების უფროსი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავა. ასევე ნახსენებია პროკურატურის მიერ თბილისში წინასწარ პატიმრობაში მყოფი გიორგი ოქროპირიძის მიმართ წაყენებული ბრალი ცილისწამებაზე სახალხო დამცველისთვის თითქოსდა ცრუ ჩვენების მიცემის გამო, სადაც იგი აცხადებდა მის წინააღმდეგ პატიმრობაში სასტიკი მოპყრობის შესახებ. სახალხო დამცველის თქმით, ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის მისი ინსიტუტისადმი ნდობას და ლახავს საერთაშორისო ვალდებულებებს, რომლებიც კრძალავს სამსახურებრივ შურისძიებას ადამიანების მიმართ, რომლებიც ეროვნული პრევენციის მექანიზმს ინფორმაციას წამების პრევენციის მიზნით აწვდიან.
Human Rights Watch-ის ანგარიშში ასევე საუბარია საქართველოში 2015 წელს მართლმსაჯულების მდგომარეობაზე.
ანგარიშში ნათქვამია, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აგრძელებს ყოფილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის, თანამდებობის პირების წინააღმდეგ ათობით სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას.
კერძოდ, ანგარიშში საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ენმ-ს ლიდერი და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნობასა და მისთვის 4 წლითა და 6 თვით პატიმრობის მისჯაზე.
„სასამართლომ უგულავას გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა ცალკე საქმეზე, რომელიც ფულის გათეთრებას ეხებოდა. უგულავას დამნაშავედ ცნობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების მეორე დღეს მოხდა. უგულავას 14-თვიანი წინასწარი პატიმრობა საკონსტიტუციო სასამართლომ წინასწარი პატიმრობისთვის კონსტიტუციით დადგენილი 9-თვიანი ვადის დარღვევად მიიჩნია“, - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე მოხვდა ტელეკომპანია „ტაბულას“ დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის პოლიციის მიერ მცირე ხნით დაკავება იმის გამო, რომ ისინი თბილისში, ღობესა და განათების ბოძზე აკრავდნენ პლაკატებს, რითიც აკრიტიკებდნენ საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკებებს რუსეთის მსხვილ ენერგოკომპანია „გაზპრომთან“. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ტელეკომპანია „ტაბულა“ ხელისუფლების კრიტიკით არის ცნობილი.