იუსტიციის მინისტის, თეა წულუკიანის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოში ომის შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით საქართველოს ჰააგის პროკურორ ფატუ ბენსუდასთვის დამატებითი ინფორმაციის გადასაცემად ერთთვიანი ვადა აქვს.
როგორც დღეს პრესკონფერენციაზე წულუკიანმა აღნიშნა, გამოძიების პროცესში ქართული მხარე ორ ძირითად მიმართულებაზე გაამახვილებს ყურადღებას.
„პირველი არის ის, რომ ეთნიკური წმენდა, ის რაც მოხდა ომამდე, ომის დროს და ოქტომბრის პერიოდამდე, არა მხოლოდ ფაქტების, არამედ სამართლებრივი შეფასებების დონეზე დავამტკიცოთ, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს ნაწილია, მართლაც მოხდა ქართველთა ეთნიკური წმენდა“, - განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, ამ მხრივ, ქართულ მხარეს მტიცებულებები იმაზე მეტი აქვს, ვიდრე გვჭირდება.
რაც შეეხება მეორე მიმართულებას, მინისტრის თქმით, ჰააგის პროკურორთან ანწუხელიძის, სოფრომაძისა და სხვა სამხედრო ტყვეების მკვლელობის თემაზეც აქტიურად იმუშავებენ.
წულუკიანმა გამოძიების პარალელურად ოსებთან ნდობის აღდგენის პროცესის დაწყების საჭიროებაზეც ისაუბრა.
„ამ გამოძიებამ ხელი არ უნდა შეგვიშალოს იმაში, რომ ვაშენოთ ერთიანი ქვეყანა, სადაც ასეთი შეტაკებები, ეთნიკური წმენდა არასოდეს, მომავალი თაობების დროს აღარ იქნება“, - ამბობს წულუკიანი.
მისივე თქმით, გამოძიება ერთწლიან პერიოდში ვერ ჩაეტევა და „ამან შეიძლება წაიღოს საკმაოდ ბევრი დრო.
„თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ თუნდაც ეთნიკურ წმენდაზე მტკიცებულებები ძალიან ბევრია და არ საჭიროებს დიდ კვლევას, ამ მიმართულებით ჰააგის პროკურორს უფრო გაუადვილდებოდა მუშაობა“, - ამბობს წულუკიანი.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ პროკურორ ფატუ ბენსუდას მისცა უფლება, ICC-ის იურისდიქციის ფარგლებში დაიწყოს გამოძიება 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის პერიოდში სამხრეთ ოსეთსა და მის მიმდებარედ, სავარაუდოდ, ჩადენილ ომის დანაშაულზე.