
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეალობას არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მარტვილის რაიონში, ინვენტარიზაციის ფარგლებში უკვე დარეგისტრირდა ჰექტრობით მიწა და მოხდა მისი განკარგვა-მიტაცება სახელმწიფოს მხრიდან.
„ეს არ შეესაბამება რეალობას, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის მარტვილის რაიონში, მიმდინარეობს ქონების აღრიცხვა-ინვენტარიზაცია, თუმცა, თუ ავიღებთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს, ვნახავთ, რომ 2009-2010 წლებში, ინვენტარიზაციის პროექტის დაწყებამდე, უკვე რეგისტრირებული იყო აღნიშნულ რაიონში კონკრეტული მიწის ნაკვეთები“, - განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ.
„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" განცხადებით, „მთავრობამ, მოსახლეობისგან ფარულად, ქვეყნის მასშტაბით კერძო მფლობელობაში არსებული მიწების სახელმწიფოზე გადაფორმება დაიწყო".
„ჩვენ გადავამოწმეთ რამდენიმე რაიონი და დავადგინეთ, რომ მარტვილის, გორის, ბორჯომის რაიონებში ინტენსიურად მიმდინარეობს ოჯახების მფლობელობაში არსებული მიწების ჩამორთმევა შეტყობინების გარეშე და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია. მხოლოდ მარტვილში მთავრობამ უკვე მიითვისა 1000 ჰექტარზე მეტი მიწა. სავარაუდოდ, ანალოგიური პროცესი დაიწყება მთელი ქვეყნის მასშტაბით", - აცხადებდა „გირჩი".
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 2013 წელს დაიწყო სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის პროექტი, რომლის შედეგად, დღევანდელი მდგომარეობით, თბილისში აღმოჩენილია 700, ხოლო რეგიონებში 255 ჰექტარამდე, როგორც სასოფლო, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მიწის ნაკვეთები.
სააგენტოს თავმჯდომარის, ეკატერინე სისაურის განცხადებით, ეს პროცესი მიმდინარეობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ, საჯაროდ, ხდება ადგილზე ინფორმაციის დეტალური შესწავლა და დამუშავება.
„ჩვენი მობილური ჯგუფი გადის ადგილზე, დეტალურად სწავლობს არსებულ ვითარებას, ამუშავებს საჯარო რეესტრში აღრიცხულ ინფორმაციას და ამ ყველაფრის ინფორმირება ხდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. თუ ჩვენ გვაქვს გარკვეული ეჭვი, რომ ქონებას შეიძლება ჰყავდეს ფაქტობრივი მოსარგებლე ან მფლობელი, ხდება ინვენტარიზაციის პროექტში შესაბამისი აბრების გაკვრა, სადაც მითითებულია, რომ მიმდინარეობს ინვენტარიზაციის პროცესში რეგისტრაცია“, - აცხადებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.
ეკატერინე სისაურის განმარტებით, პროექტის პარალელურ რეჟიმში ინვენტარიზაციის მონაცემების რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო რეესტრში შემდეგი ქრონოლოგიით: იმ შემთხვევაში, თუ საჯარო რეესტრში არ იქნება დაცული ან საარქივო, ან რეესტრში აღრიცხული მონაცემი, სახელმწიფო დაარეგისტრირებს ინვენტარიზებულ, უძრავ ქონებას სახელმწიფოს საკუთრებად, მხოლოდ შესაბამისი შეზღუდვით.
„ამ შეზღუდვის შესახებ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე განხორციელდა მთავრობის მხრიდან და გულისხმობს შემდეგს: ინვენტარიზაციის ფარგლებში აღმოჩენილი ქონება, სულ მცირე, ერთი წლის ვადით არ გასხვისდება. ამ ვადაში ქონების ყველა პოტენციურ მფლობელს შეუძლია მიმართოს საჯარო რეესტრს და დაირეგისტრიროს თავისი უფლება. იმ შემთხვევაში, თუ ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ არ მოხდა ასეთი ტიპის იდენტიფიცირება, სახელმწიფო ავტომატურად არ ახდენს ასეთი ქონების განკარგვას და გარკვეულ დროს აიღებს კიდევ იმისთვის, სანამ საბოლოოდ არ გამოირიცხება ეს რისკები“, - აღნიშნა სისაურმა.
მისი თქმით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში მოქმედებს უწყებათშორისი კომისია, რომელიც აქტიურად განიხილავს სახელმწიფოსთან მიწის ნაკვეთების გადაფარვის საკითხს. მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში კომისიამ რამდენიმე ასეული შემთხვევა უკვე განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე უკვე ძალიან ბევრმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა დაირეგისტრირა საკუთრებაში მიწის ნაკვეთები.
საქართველოს მთავრობამ ასევე მოამზადა კანონპროექტი, რომლის თანახმად, უძრავ ნივთზე, რომელზეც საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით არ დასტურდება სხვა პირის საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის უფლების არსებობა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე რეგისტრირდება სახელმწიფოს საკუთრების უფლება.
პროექტის მიხედვით, ცვლილებები შედის „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონში, რომელსაც მე-11 პრიმა მუხლი ემატება.
ამასთან, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იქნება, სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად მოითხოვოს უძრავი ნივთის განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის აკრძალვა.
პროექტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების სრულად ან ნაწილობრივ გაუქმება შესაძლებელია დაინტერესებული პირის განცხადებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობის გარეშე.
როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტით დასახული მიზნის წარმატებით განხორციელება სარგებელს მოუტანს როგორც საზოგადოებას, ისე სახელმწიფოს და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.
„მიწის სრულყოფილი სარეგისტრაციო და საკადასტრო მონაცემთა ბაზა იქნება მიწის ეფექტიანად მართვის, კერძოდ კი, მიწაზე საკუთრების უფლებების დაცვის, მიწათსარგებლობის პოლიტიკისა და სახელმწიფო საპრივატიზაციო საქმიანობის გაუმჯობესების საფუძველი“, - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
მათი თქმით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მიღება განპირობებულია უძრავ ქონებაზე სწორედ სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტის აუცილებლობით. ამასთან, აღნიშული პროექტის მიღება წარმოადგენს უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველსაყოფად კომპლექსურად დაგეგმილი სამუშაოს ნაწილს.