შრომითი ბაზარი და დასაქმების ხელშეწყობა, ხელმისაწვდომი მედიკამენტები, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, გამჭვირვალე და სამართლიანი სოციალური მხარდაჭერისა და დახმარების სისტემა და პენსია, - ასეთია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის ძირითადი პრიორიტეტები, რომელიც მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე დავით სერგეენკომ წარადგინა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ჯანდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა საყოველთაო ჯანდაცვის მდგრადობის პერსპექტივებზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხის გაზრდა, პირველადი ჯანდაცვისა და ადმინისტრაციული რეფორმა, სახელმწიფო სადაზღვევო ფონდის ან სააგენტოს შექმნა და დაფინანსების ინოვაციური მოდელების შემუშავება.
რაც შეეხება შრომის მიმართულებას, ამ მხრივ, სამინისტროს პრიორიტეტები იქნება - სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა აქტიური დაკავშირება, შრომის ბაზრის შესწავლა, ახალ და დეფიციტურ პროფესიებში კადრების მომზადება, შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შრომითი უფლებების დაცვა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი კვირიკაშვილმა მსგავსი ფორმატის შეხვედრა რამდენიმე მიმართულებით უკვე გამართა. მინისტრთა კაბინეტი ყველა უწყების პროექტების პორტფელს ერთობლივად, სამუშაო რეჟიმში განიხილავს, რის შემდეგაც აქტუალური საკითხების პრიორიტეტიზაცია მოხდება.