„დღეისთვის, ჩვენი გადაწყვეტილებით, ყველა ის პირი, რომელიც ვალდებული იყო, რომ სამსახურებრივად არ დაეშვა მსგავსი ქმედება, ან შესაბამისად არ გამოიძია აღნიშნული, გადაყენებული იქნება მოვალეობის შესრულებიდან, გამოძიების დასრულებამდე", - განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვახტანგ კაპანაძემ.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის შემოდგომის ევროკავშირის სამხედრო მისიას ეხება, 4 არასრულწლოვანი გოგონა მათ მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ ჰყვება. ისინი ამბობენ, რომ ჯარისკაცები, რომლებმაც მათზე იძალადეს ევროკავშირის მისიის ფარგლებში იმყოფებოდნენ იქ. მათგან ორი გოგო ამბობს, რომ ამ მისიის ჯარისკაცებმა ისინი გააუპატიურეს, ხოლო დანარჩენი ორის თქმით, მათ ფულს უხდიდნენ ჯარისკაცებთან სქესობრივ კავშირში. ჯარისკაცთა ეროვნებების დადგენისას 3-მა გოგონამ თქვა, რომ მათზე ამ სამშვიდობო მისიის ქართული შენაერთის ჯარისკაცები ძალადობდნენ. ამ 4 გოგონას ასაკი 14-16 წელი იყო იმ პერიოდისთვის, როცა გააუპატიურეს.
„დიდი ყურადღებითა და შეშფოთებით გავეცანით გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის განცხადებას, რომელიც ცენტრალურ აფრიკაში 2014 წლის მისიას ეხებოდა. ჩვენი პოზიციაა, როგორც შეიარაღებული ძალების, ასევე მთავრობის, ასევე თავდაცვის სამინისტროს, რომ მსგავსი ქმედება, ვინც არ უნდა ჩაიდინოს ის, დასასჯელია. არ აქვს მნიშვნელობა, მის ქვეყანას, არც წარმომავლობას, არც სამხედრო წოდებას, ის სჩადის უღირს საქციელს.
ჩვენი მიზანია ამჟამად დეტალური გამოძიება. ამ ამოცანით ვითანამშრომლებთ ყველა შესაბამის ორგანოსა და უწყებასთან, ყველა ზომას ვიხმართ სიმართლის დასადგენად. ის პირი, თუკი აღნიშნული ფაქტები დადასტურდა, შესაბამისი სასჯელით დაისჯება“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
გენშტაბის უფროსის თქმით, ქართული შეიარაღებული ძალები სამშვიდობო მისიებში 17 წელია, მონაწილეობენ, მათ თავი მხოლოდ საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინეს, ისინი ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებში სანდო და პროფესიონალ მებრძოლებად მიიჩნევიან.