შესაძლო დანაშაულის მომენტში სამხრეთ ოსეთი იყო და არის საქართველოს ნაწილი, ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიძიოთ მთლიანად საქართველოში, მათ შორის სამხრეთ ოსეთში, ჩადენილი დანაშაული, - ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ,ფატუ ბენსუდამ „მოამბესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ბენსუდა იმედოვნებს, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება და რუსეთი პროკურორის ოფისთან ითანამშრომლებენ, თუმცა ასეც რომ არ მოხდეს, აცხადებს, რომ გამოძიება არ შეფერხდება.
პროკურორმა სამშვიდობოების მკვლელობის ფაქტებიც ახსენა.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ სამშვიდობოებზე შეტევა იყო როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მხრიდან. ჩვენს იურისდიქციაში შედის კაცობრობის წინაშე ჩადენილი დანაშაული, ომის დანაშაული და გენოციდი. ოფისი გამოიძიებს, მაგალითად, სამშვიდობოების მკვლელობის ფაქტებს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მშვიდობისმყოფელებზე შეტევა იყო ორივე - როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს მხრიდან. ამის შესახებ ვაპირებთ, რომ ინფორმაცია მოვიძიოთ", - აღნიშნა ბენსუდამ.
რაც შეეხება გამოძიების ვადებს, ბენსუდა აცხადებს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს ფაქტების მოძიებას. მაგალითად, უგანდის შემთხვევაში გამოძიება 1 წელი გაგრძელდა, კონგოში – 18 თვე, სხვა მსგავს შემთხვევებში – 3 წელი. „ეს წაიღებს იმდენ დროს, რამდენიც გამოძიებას დასჭირდება“, - დასძინა ფატუ ბენსუდამ.
პროკურორმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საქმეში ერთვება მაშინ, როდესაც ის ადგილობრივ დონეზე არ არის გამოძიებული. ბენსუდას თქმით, რუსეთში ამ საქმის გამოძიება მიმდინარეობს და იგი მონიტორინგს უწევს პროცესს, თუმცა ქართულმა მხარემ გასული წლის მარტში გადაწყვიტა, გამოძიება შეეწყვიტა.
„ჩემი, როგორც საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის როლია, რომის სტატუტის მიხედვით, თუ ადგილი ჰქონდა დანაშაულს და არავინ სხვა თუ არ აპირებს გამოძიებას, მაშინ სასამართლოს პროკურორი უნდა ჩაერთოს. საქართველო რომის სტატუტის წევრია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა დანაშაული, პირველ რიგში, საქართველო მოვალეა და პასუხისმგებელი, რომ გამოიძიოს, მაგრამ თუ საქართველოს არ შეუძლია ამის გაკეთება, ან არ აქვს სურვილი, მაშინ სასამართლოს პროკურორი ერთვება", - განაცხადა ბენსუდამ და დასძინა, რომ მას სჭირდება მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან.