
საბურთალოს რაიონის გამგეობის განცხადებით, პარკების კეთილმოწყობაში კერძო კომპანიებს თბილისის მერია გაუწევს მონიტორინგს. როგორც „ლიბერალს" გამგეობაში უთხრეს, პროექტის მიზანია, ქალაქი ერთობლივი ძალისხმევით გამწვანდეს.
„კომპანიას დაეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ამ პარკს მოუაროს. მათ ექნებათ ადგილი აქციების მოსაწყობად, ამ თვალსაზრისით დიდი თავისუფლება აქვთ. პარკს პირობითად დაერქმევა კომპანიის სახელი, შეიძლება ბილბორდი დაიდგას, შეიძლება, ვინმეს მონუმენტის დადგმა უნდოდეს. ამაზე შეთანხმება მოხდება" - ამბობენ გამგეობაში.
მათი განმარტებით, თანამშრომლობას, სავარაუდოდ, მემორანდუმის ფორმა ექნება და პროცესი მერიის კონტროლს დაექვემდებარება, რომელიც საბოლოოდ გადაწყვეტს, რომელი კომპანია ჩაერთვება პარკის კეთილმოწყობის პროცესში.