მოსამართლეთა კონფერენციის პარალელურად, რომელიც მართლმსაჯულების სახლში მიმდინარეობს, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" წევრი ორგანიზაციები საპროტესტო აქციას მართავენ.
თავად კონფერენცია კი, რომელიც რიგგარეშეა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გარეშე მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებას მოითხოვენ. მიიჩნევენ, რომ პროცესები, რომელიც საბჭოში მიმდინარეობს, გამჭვირვალე არ არის.
„სასამართლო სისტემა უნდა იყოს მურუსიძეების გარეშე. მოსამართლეები, რომლებმაც სამოქალაქო საზოგადოება მიიყვანეს უკიდურეს უბედურებამდე, რომლებმაც შექმნეს ქვეყანაში რეჟიმი, უნდა მოშორდნენ სასამართლო სისტემას“, - აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.
აქციის მონაწილეები სასამართლოებში საქმეთა გადანაწილების პროცესის გამჭვირვალობასაც მოითხოვენ.
„თუ საქართველოს მოსამართლეებს უნდათ დამოუკიდებლობა, მაშინ მათი ხმა უნდა ისმოდეს ყველაზე უფრო ხმამაღლა და უნდა მოითხოვონ კონკრეტული საკანონმდებლო რეფორმების გატარება, რათა ჰქონდეთ დამოუკიდებლობის გარანტიები კანონით,“ - აღნიშნა საია-ს თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა.
ფოტო: საია