თეთრი სახლისკენ მიმავალი გზა შეიძლება, გრძელი, უსწორმასწორო და ხმაურიანია, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევა მარტივი საქმე ვერ იქნება.
რამდენადაც ეს თემა ამომრჩევლისთვის არჩევნების დღემდე რამდენიმე კვირით ადრე აქტიურდება, კანდიდატებისთვის ეს წლების განმავლობაში დაგეგმვას, ფონდების მოძიებასa და გამოთვლებს მოითხოვს.
როდიდან უნდა ჩაერთოს ამომრჩეველი? რა განსხვავებაა კოკუსსა და პრაიმერიზს შორის? რა უნდა ვიცოდეთ 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ.
რატომ გრძელდება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ასე დიდხანს?
ამერიკის ორი ძირითადი პარტია - „დემოკრატები" და „რესპუბლიკელები" - თავიანთ შესაბამის ნომინანტებს ყოველ შტატსა და ამერიკის სხვა ტერიტორიებზე ირჩევენ. პროცესი თებერვალში იწყება და 5 თვეს გრძელდება.
აიოვასა და ნიუ-ჰემფშირში ეს პროცესი, როგორც წესი, წლის დასაწყისშივე სრულდება და შემდეგ მათ სხვა შტატებიც მისდევს. თუმცა მანამდე კანდიდატები დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ამზადებენ საარჩევნო კამპანიებს თითოეული რეგიონისთვის.
მას შემდეგ, რაც პარტიები კანდიდატებს აირჩევენ, დარჩენილ ზაფხულსა და შემოდგომაზე საარჩევნო კამპანიას არჩევნების დღემდე - 8 ნოემბრამდე ატარებენ.
რატომ ღირს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ასე ძვირი?
პირველი მიზეზი, რატომაც ბევრი ფული იხარჯება, ამ არჩევნების ხანგრძლივობაა. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ამერიკაში არ არსებობს ლიმიტი, რამდენი ხნით ადრე შეიძლება საარჩევნო კამპანიის დაწყება - მაგალითად, ტედ კრუზმა ამის შესახებ ოფიციალურად არჩევნებამდე 20 თვით ადრე განაცხადა.
კიდევ ერთი მახასიათებელი, რითიც ამერიკის საარჩევნო კამპანია სხვა ქვეყნებისგან განსხვავდება, შეუზღუდავი ბიუჯეტია. კამპანიაში შესაძლოა დაიხარჯოს მილიარდი დოლარი და ამაში გათვალისწინებული არაა კამპანიის გარეშე მონაწილეები. ძვირი ჯდება ქვეყანაში მოგზაურობა 2 ან მეტი წლის განმავლობაში, პარალელურად, სატელევიზიო თუ სხვა სახის რეკლამა და კამპანიის მონაწილეების ანაზღაურება.
რა განსხვავებაა კოკუსსა და პრაიმერიზს შორის?
შტატებში კანდიდატის არჩევისას პარტიის წევრებისათვის ხმის მიცემის 2 გზა არსებობს - პრაიმერიზი და კოკუსი.
პრაიმერიზი არის სტანდარტული საარჩევნო პროცედურა - ადამიანები სამეზობლო უბნებზე მიდიან და ბიულეტენის მეშვეობით ხმას აძლევენ სასურველ კანდიდატს.
კოკუსი ამისგან განსხვავებულია. ის რამდენიმესაათიან დებატებს გულისხმობს, რომელსაც ერთად შეკრებილი ამომრჩევლები ესწრებიან და ამის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას.
რატომ არის აიოვა და ნიუ-ჰემფშირი ასე მნიშვნელოვანი?
აიოვა, რომელიც კოკუსის მეთოდს იყენებს და ნიუ-ჰემფშირი, რომელიც პრაიმერიზის მეთოდს იყენებს, პირველი ორი შტატია, სადაც ხმის მიცემა ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი შტატი ამერიკელ ამომრჩეველთა სრული რაოდენობის უმცირეს ნაწილს წარმოადგენს, პირველობის ძალით მათ შედეგებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ისინი განაპირობებენ ამა თუ იმ კანდიდატის პოპულარობას და ბიძგს აძლევენ სამომავლო შედეგებსაც. აიოვასა და ნიუ-ჰემფშირში განცდილი მარცხის შედეგად კანდიდატები ხშირად ეთიშებიან ხოლმე პროცესს.
როდიდან ერთვება პროცესში ამომრჩეველი?
13 შტატსა და ტერიტორიებზე კოკუსი ან პრაიმერიზი იმართება მარტის პირველ სამშაბათს - რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „სუპერ სამშაბათი“.
ვინ არიან რესპუბლიკელების ტოპკანდიდატები?
დონალდ ტრამპი: უძრავი ქონების მაგნატი, რომელმაც ტრადიციული საარჩევნო კამპანიის ბევრი წესი დაარღვია, მათ შორის, გააკრიტიკა სამხედრო პატიმრები, მექსიკელები, მუსლიმები და ქალები. ცოტა თუ უწინასწარმეტყველებდა მას ასეთ პოპულარობას.
ტედ კრუზი: ტეხასის მკვეთრად კონსერვატორი სენატორი, რომელიც 2013 წლის კრიზისის დროს მთავრობის ნაწილობრივ დახურვას ხელმძღვანელობდა.
მარკო რუბიო: ფლორიდის სენატორი, რომელიც ხელისუფლებაში 2010-ში „ჩაის პარტიის“ შემადგენლობით მოვიდა, თუმცა „დემოკრატებთან" თანამშრომლობის შესაძლებლობაც აჩვენა.
ვინ არიან დემოკრატების ტოპკანდიდატები?
ჰილარი კლინტონი: ის ამ კამპანიას 2008 წლის შემდეგ გეგმავდა, როგორც კი წინა არჩევნები წააგო. ბილ კლინტონის მეუღლე ბარაკ ობამას გზის გამგრძელებლად მიიჩნევა და „დემოკრატებისთვის" სანდო დასაყრდენია.
ბერნი სანდერსი: ვერმონტის სენატორი, რომელიც მეინსტრიმული ამერიკული პოლიტიკის ყველაზე ლიბერალურ ფრთას წარმოადგენს, მაგრამ ზოგიერთი „დემოკრატი" მას ზედმეტად მემარცხენედ მიიჩნევს იმისათვის, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს.
როდის გავიგებთ საბოლოოდ, ვინ არიან ნომინანტები?
ძირითადად, ამის შესახებ ინფორმაცია გვიან გაზაფხულზე ცხადდება, თუმცა ისინი ოფიციალურად არჩეულებად ზაფხულში პარტიათა ეროვნულ ყრილობამდე არ სახელდებიან.
იმარჯვებს თუ არა ის კანდიდატი, ვინც უფრო მეტ ხმას მიიღებს?
ნეტავ, ასე იყოს!
დამაარსებელმა მამებმა ამომრჩეველთა კოლეგია შექმნეს. ყველა შტატი იღებს ამომრჩეველთა იმის შესაბამის რაოდენობას, რამდენი კონგრესმენი და სენატორიც ჰყავს. რამდენადაც დიდია შტატი, მით მეტი ამომრჩეველი ჰყავს.
ყველგან ორი შტატის გარდა (მეინი და ნებრასკა), მოქმედებს სისტემა - „გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი“. მაგალითად, თუ კალიფორნიაში კანდიდატმა ხმების 60% მოიპოვა, ეს შტატის ამომრჩეველთა 100%-იან მხარდაჭერას ნიშნავს.
წყარო: CNN