
ტელეკომპანია „მაესტროს“ 55%-იანი წილის მფლობელის, გიორგი გაჩეჩილაძის თქმით, ის „მაესტროს გადარჩენისთვის“ პატარკაციშვილების ოჯახს დაუკავშირდა.
მისი თქმით, „მაესტროს გადარჩენას“ სჭირდება ფული და ამაში შეიძლება ძველი მეგობარი, ირაკლი რუხაძე დაეხმაროს.
„მაესტრო“ კოტრდებოდა და რომ არ გაკოტრდეს, ამას მინდა შევუწყო ხელი. „მაესტრო“ რომ გაკოტრდეს, არც ერთი ჟურნალისტი არ დარჩება და საერათოდ დაიხურება არხი. ეს თუ აწყობს ვინმეს, არ ვიცი. მე ყოველ შემთხვევაში მაგას შევეწინააღმდეგები და შევეწინააღმდეგე. ამიტომაც მოხდა პატარკაცისშვილების ოჯახთან ჩემი ურთიერთობა, რომ გადამერჩინა „მაესტრო"... მაესტროს გადარჩენას სჭირდება ფული და ფულში შეიძლება დამეხმაროს ჩემი ძველი მეგობარი ირაკლი რუხაძე“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ „მაესტროს ფაქტორთან“ საუბრისას.
გიორგი გაჩეჩილაძე ტელეკომპანია მაესტროს 55%-იანი წილის მფლობელი გახდა. „სტუდია მაესტროს“ პარტნიორთა წილში ცვლილება რეესტრში გუშინ მოხდა.
სამეწარმეო რეესტრში წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ გიორგი გაჩეჩილაძეს („უცნობს") გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძისთვის გადახდილი აქვს „მაესტროში“ მათი 15-15% წილის შესყიდვის საფასური, რომლის რაოდენობა კონფიდენციალურია და განსაზღვრულია ცალკე შეთანხმებით.
აღნიშნული ცვლილების შემდეგ კი „მაესტროს" წილები ასე გადანაწილდა: მამუკა ღლონტი -15% ეკატერინე აკობია - 5 %, გიორგი გაჩეჩილაძე - 55% და მაკა ასათიანი - 25 %;