„ამ კანონის მიღება საპატრიარქოს ინტერესია, რათა ეცადოს, დაადუმოს ის ადამიანები, ვინც აკრიტიკებს და მეორე მხრივ, მათი მიზანია, შეზღუდონ თავისუფალი აზრი, თავისუფალი შემოქმედება და ამ თვალსაზრისითაც ცენზორის როლი შეასრულონ საზოგადოებაში. ესაა მხოლოდ და მხოლოდ საპატრიარქოს ინტერესი და „ქართული ოცნების“ იმ წევრების, რომლებიც პარლამენტში არიან: ბესელიას, ჯაჭვლიანის და ა.შ.” - ასე აფასებს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატანი ცვლილებების კანონპროექტს, რომლის თანახმად, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარია. რელიგიური სიწმინდეებისა და საკულტო ნაგებობების წაბილწვა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო გამეორების შემთხვევაში - 1000 ლარით.
აღნიშნულ კანონპროექტს დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტს მხარი ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ფატი ხალვაშმა, მერაბ კაჭახიძემ და ვლადიმერ აჩბამ დაუჭირეს.
კანონპროექტის ავტორია დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი ზვიად ტომარაძე, ხოლო ინიციატორი - სოსო ჯაჭვლიანი.
“მსაგვსი კანონის მიღების მცდელობა საპატრიარქოს და შსს-ს წარსულშიც ჰქონდათ არაერთხელ. მაშინ არასამთავრობო, რელიგიური გაერთიანებებისა და ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით პროეცესი ბოლომდე არ მივიდა.” - ამბობს ბექა მინდიაშვილი.