პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარია. რელიგიური სიწმინდეებისა და საკულტო ნაგებობების წაბილწვა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო გამეორების შემთხვევაში - 1000 ლარით.
სანამ კანონპროექტი კენჭისყრაზე დადგებოდა, კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მხარდაჭერამდე გარკვეული პირობა წამოაყენა.
მისი თქმით, ჩანაწერი, რომელიც ჯაჭვლიანის პროექტშია (რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურისა და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას) უკეთესია, შეიცვალოს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფით.
„თუ ვამბობთ, რომ მთავარი კი არაა, რას გამოხატავს პირი, არამედ, რა მიზნით გამოხატავს და თუ მიზანი არის მაკვალიფიცირებელი, ყველა შემთხვევაში მერე მაინც სასამართლომ უნდა ამტკიცოს, არის ეს პირდაპირი განზრახვით გაკეთებული თუ ადამიანმა უნებურად ჩაიდინა, ისე, რომ არც იცოდა, ვინმეს შეურაცხყოფდა თუ არა“, - ამბობს ბესელია.
რაც შეეხება რელიგიური შენობებისა და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვას, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთებას ან დაზიანების დასჯას, ბესელიას რეკომენდაციით, აღნიშნულ ფორმულურებას „ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანების დასჯა“ გამოაკლდება, რადგან მისი რჩევით,
„თუ მუხლში ჩამონათვალი გაჩნდება, ამან შეიძლება, შეზღუდოს სასამართლო, ხოლო თუ ავიღებთ ზოგად დეფინიციას, შემდეგ რა ფორმით გამოხატავს ადამიანი ამ ცუდ საქციელს, ამას სასამართლო თავად შეაფასებს. სასამართღლოს ექნება ზოგადი დეფინიცია, რომ არ შეიძლება წაბილწო სიწმინდე. შეიძლება ნახატით გააკეთო, შეიძლება ლექსი მიაწერო და ა.შ. თუ ჩამონათვალი კეთდება, მაშინ ის უნდა იყოს სრულყოფილი, ხოლო თუ ვერ ვაკეთებთ სრულყოფას, მაშინ ჯობია, კანონში არ იყოს ასეთი ჩამონათვალი“, - ამბობს ბესელია.
კომიტეტმა აღნიშნული კანონპროექტი კენჭისყრაზე სწორედ ამ დათქმით გაიტანა.
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გედევან ფოფხაძის თქმით, სიმარტივე ამ შემთხვევაში ხელს შეუწყობს მიზნის მიღწევას.
„როდესაც საზოგადოებაში არ არის რელიგიური ნიშნით ურთიერთპატივისცემა, ამაში იდება ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის ყველა დონის აგრესიის წინაპირობა.
ამიტომ, თუ ჩვენ საბოლოო მიზნად ვისახავთ იმას, რომ პირველივე სტადიაზე, როდესაც ვიღაც მიიჩნევს, რომ სხვა ადამიანის რელიგიური გრძნობები შელახოს, უკვე სახელმწიფო ჩაერევა და იტყვის, რომ ეს არის დაუშვებელი და მოდით ამას ნუ წავახალისებთ.
ჩვენი მხრიდან დეკლარირება, რომ ეს არის დასჯადი, იქნება პრევენცია და არავინ არც გახდება დასასჯელი“, - ამბობს ფოფხაძე.