„სამოქალაქო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ეს კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა არ მიიღოს. ის გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ პრინციპს არღვევს და, ფაქტობრივად, დუმილს აწესებს“, - ასე აფასებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის გამგეობის წევრი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატანი ცვლილებების კანონპროექტს, რომლის თანახმად, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარია. რელიგიური სიწმინდეებისა და საკულტო ნაგებობების წაბილწვა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო გამეორების შემთხვევაში - 1000 ლარით.
აღნიშნული კანონპროექტი დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე პირველი მოსმენით გავიდა. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს: ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ფატი ხალვაშმა, მერაბ კაჭახიძემ და ვლადიმერ აჩბამ. კანონპროექტის ავტორია დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი ზვიად ტომარაძე, ხოლო ინიციატორი - სოსო ჯაჭვლიანი.
„ეს არ არის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი კანონპროექტის მიღების პირველი მცდელობა. არასამთავრობო ორგანიზაციები წლების განმავლობაში არგუმენტირებულად ვაპროტესტებთ მსგავს შემთხვევებს და მიზანს მეტ-ნაკლებად ვაღწევდით. სამწუხაროდ, წინა გამოცდილებიდან ხელისუფლებამ ვერაფერი ისწავლა და მილს რომ დავესესხოთ, ის კვლავ განაგრძობს ბრძოლას „უმრავლესობის ტირანიის“ დასამყარებლად.
მსგავსი შინაარსის საკანონმდებლო რეგულაციების შემოღება თანამედროვეობას დიდი დროით ჩამორჩება. რასაც მიმდინარე პროცესი ცხადყოფს ისაა, რომ ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს საკანონმდებლო ორგანოში, რომლის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრთა უმრავლესობა, მინიმუმ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით არსებულ თანამედროვე სტანდარტებში უბრალოდ ვერ ერკვევა, ან ერკვევა, მაგრამ არ აინტერესებს.
საქართველოს კონსტიტუცია გამოხატვის თავისუფლების საკმაოდ მაღალ სტანდარტს ადგენს და თუ პირის გამოხატვა სხვის პატივსა და ღირსებას არ ლახავს, მხოლოდ სხვისი გრძნობების შეურაცხყოფის მოტივით შეიზღუდოს. არ არის არსებითი, ეს გრძნობა რელიგიური იქნება, პატრიოტული თუ რომანტიკული. საქართველოს კონსტიტუცია იცავს არა მარტო ისეთ გამოხატვას, რომელიც ყველასთვის მისაღებია, არამედ ისეთ სიტყვასაც, რომელიც შესაძლებელია საზოგადოების გაღიზიანებასა და აღშფოთებას იწვევდეს.
გადაწყვეტილება, რომელიც დღეს კომიტეტზე მიიღეს, უფრო საკუთარ ამომრჩეველთა იმ ნაწილის გულის მოგების მიზნითაა ნაკარნახევი, რომლებსაც სათანადო წარმოდგენა არ აქვთ თუ რა მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული მმართველობისთვის ერთი მხრივ სიტყვის თავისუფლების დაცვას და მეორე მხრივ თანასწორობის უზრუნველყოფას. ჩვენ გვავიწყდება, რომ სწორედ ამ ორი ღირებულების დაცვას ეფუძნება მშვიდობისა და წარმატების ის ფორმულა, რომელმაც კეთილდღეობა მოუტანა ჩვენს დასავლელ მეგობრებს.
სწორედ ასეთ ამომრჩეველთა გულუბრყვილობით ბოროტად სარგებლობენ დეპუტატები, რომელთა ნაწილმაც ზუსტად იცის, თუ რასაც აკეთებს, იცის, რომ ეს საქციელი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მავნებლობაა, მაგრამ საკუთარი ამომრჩევლის მხარდაჭერის შესანარჩუნებლად, ამად უღირს.
გასულ საუკუნეში, როცა ევროპაში მსგავს რეგულაციებს აწესებდნენ, სახელმწიფოს ინტერესი უმცირესობების დაცვა იყო. ამის აუცილებლობას მეორე მსოფლიო ომის მემკვიდრეობა ჰკარნახობდა მაშინდელ საზოგადოებას. საქართველოში უკუპროცესია და რეგულაციების მიღების მიზანი არა უმცირესობათა დაცვა, არამედ დომინანტი ჯგუფების მიმართ საზოგადოებრივი კრიტიკის ჩახშობაა“, - ამბობს გიორგი მშვენიერაძე.