„რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზაცია (იქნება ეს სისხლის სამართალი, თუ ადმინისტრაციული) ადამიანის უფლებების პირდაპირი დარღვევა იქნება. მე მაქვს უფლება, გამოვთქვა აზრი ნებისმიერ საკითხზე, მაგრამ თუკი ვიღაცის რელიგიური გრძნობები შეილახება ამით, ეს არ უნდა იყოს ჩემი დაჯარიმების საფუძველი." - ასე აფასებს შედარებითი კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი გიორგი ბურჯანაძე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატანი ცვლილებების კანონპროექტს, რომლის თანახმად, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარია. რელიგიური სიწმინდეებისა და საკულტო ნაგებობების წაბილწვა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო გამეორების შემთხვევაში - 1000 ლარით.
„იღაცის რელიგიური შეურაცხყოფა არ არის საფრთხის შემცველი. ეს არის ის სფერო, რაც უნდა აიტანოს თანამედროვე საზოგადოებამ, რომელიც პლურალისტურ საწყისებზე დგას. ასეთი კანონმდებლობა ახასიათებთ დიქტატორულ რეჟიმებს. მისი მიღებით ჩვენი გამოხატვის თავისუფლების ინდექსი საგრძნობლად დაეცემა. ეს არის აშკარა პოპულისტური ნაბიჯი, რომელიც წინასაარჩევნოდ გადადგეს. ეს იქნება ნორმა, რომელიც აუცილებლად არაკონსტიტუციური იქნება" - ამბობს გიორგი ბურჯანაძე.
აღნიშნულ კანონპროექტს დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტს მხარი ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ფატი ხალვაშმა, მერაბ კაჭახიძემ და ვლადიმერ აჩბამ დაუჭირეს.
კანონპროექტის ავტორია დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი ზვიად ტომარაძე, ხოლო ინიციატორი - სოსო ჯაჭვლიანი.