რაღაც ზომები რომ უნდა იყოს მიღებული იმ აღვირახსვილი კამპანიის მიმართ, რომელიც წარმოებს მართლმადიდებელი ეკლესიისა და თუნდაც პატრიარქის წინააღმდეგ, ეს საჭიროდ მიმაჩნია, - ამის შესახებ „ლიბერალს“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ომარ ნიშნიანიძემ სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ განუცხადა.
თუმცა დეპუტატმა აღნიშნა, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის დაწესებული ზომები მაინცდამაინც მკაცრი არ უნდა იყოს.
შეკითხვაზე რამდენად გასათვალისწინებელია მისთვის ის ფაქტორი, რომ ამ ცვლილებით შესაძლოა, საფრთხე შეექმნას გამოხატვის თავისუფლებას, აღნიშნა: „არა მგონია, გამოხატვის თვალსაზრისით პრობლემა იყოს ჩვენს ქვეყანაში“.
მისი თქმით, ნებისმიერი რელიგიის ადამიანის რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა მისაღები არაა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარია. რელიგიური სიწმინდეებისა და საკულტო ნაგებობების წაბილწვა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო გამეორების შემთხვევაში - 1000 ლარით.