„წარმოუდგენელია, ადამიანმა გაზომოს, რა შეიძლება გახდეს ვინმესთვის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“, - საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი „ლიბერალთან“ სოსო ჯაჭვლიანის კანონპროექტზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარია. რელიგიური სიწმინდეებისა და საკულტო ნაგებობების წაბილწვა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო გამეორების შემთხვევაში - 1000 ლარით.
რატიანის თქმით, მსგავსი კანონების მიღება არის იმის მაჩვენებელი რომ უმრავლესობას არ ესმის, რასთან აქვთ საქმე და რომ ეს მიმართულია ადამიანის თავისუფალი აზრის გამოხატვის წინააღმდეგ.
„საკმაოდ მრავალფეროვანია ადამიანის საქმიანობა. თანამედროვე სამყაროში არსებობს დიფერენციაცია და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სეკულარიზაციაზე, ან ემანსიპაციაზე, აქ მხოლოდ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კი არაა ემანსიპაცია, არამედ ხელოვნება, მეცნიერება არის გამიჯნული რელიგიისაგან. როგორ უნდა შეფასდეს ამ სივრცეში, რა რას შეურაცხყოფს, სრულიად წარმოუდგენელია. მაგალითად, შეიძლება ვიღაცამ შეურაცხყოფად აღიქვას ის კინო, რომელშიც ჯაჭვლიანი ახალგაზრდობაში მონაწილეობდა“, - ამბობს სერგო რატიანი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აღნიშნავს, რომ რწმენა არის პირადი სივრცის ნაწილი და განსახილველ კანონპროექტს პრემოდერნულ ანაქრონიზმს უწოდებს.
„მგონია, უმრავლესობაში არიან ადამიანები, ვისაც აქვს იმის გაგება, რომ თანამედროვე სამყაროში არ შეიძლება მსგავსი კანონის მიღება“, - უთხრა „ლიბერალს“ რატიანმა.
დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ.
ცვლილებებს მხარი კომიტეტის ექვსმა წევრმა დაუჭირა: ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ფატი ხალვაშმა, მერაბ კაჭახიძემ და ვლადიმერ აჩბამ.
ეკა ბესელიას თქმით, მეორე მოსმენაზე ფორმულირებაში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს .
კანონპროექტის ავტორია დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი ზვიად ტომარაძე, ხოლო ინიციატორი - სოსო ჯაჭვლიანი.