ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობის კანონიერების თაობაზე დღეს საქალაქო სასამართლოს სხდომაზე უნდა ემსჯელათ. თუმცა მერიის წარმომადგენლების მოთხოვნით, მათი იურისტის ავადმყოფობის გამო სხდომა გადაიდო. მათ ასევე აღნიშნეს, რომ მერიის იურისტებს საქმის კარგად გაცნობისთვის საკმარისი დრო არ ჰქონიათ. სხდომა 10 თებერვლამდე გადაიდო იმ დათქმით, რომ ეს ბოლო მოსამზადებელი სხდომა იქნება, 2 მარტიდან კი საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.
სასამართლოს გადადებამ პარტიზანი მებაღეების უკმაყოფილება გამოიწვია და მათმა ნაწილმა თბილისის მერიის შენობასთან გადაინაცვლა, ისინი დავით ნარმანიასთან, ვიცე-მერთან ან მათ წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ. საქმე ისაა, რომ სასამართლო უკვე მეორედ გადაიდო მერიის მოთხოვნით.
მანამდე, სხდომაზე, რომელიც ნოემბრის დასასრულს გაიმართა, მერიის იურისტებმა განაცხადეს, რომ ინვესტორ კომპანიასთან ადგილმონაცვლეობის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ და ამ პროცესის დასასრულებლად დრო სჭირდებოდათ. საქმე მაშინ ორი თვით, დღევანდლამდე გადაიდო.
“ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ მერია დროის გაჭიანურებას ცდილობს, თუმცა ვერ ვიგებთ ზუსტად რისთვის სჭირდებათ ეს. ამასობაში ჩვენ დაგვიკავშირდა ინვესტორი კომპანიის წარმომადგენელი და მისი თქმით, არანაირ ადგილმონაცვლეობაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და მათ თვითონ აქვთ მერიასთან კომუნიკაციის პრობლემა. ასეთ ვითარებაში ვითხოვთ კონკრეტულ პასუხს მერიისგან, რას ცდილობენ, რას აკეთებენ” - ამბობს ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე, რომელიც სარჩელის ერთ-ერთი თანაავტორია.
გასულ კვირას თბილისის მერმა განაცხადა, რომ საქმე სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს და მერიას ამჟამად არაფრის შეცვლა არ შეუძლია. თუმცა ზურაბ ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან სამართლებრივი დოკუმენტები, რომელთა თანახმადაც, ვაკის პარკში მშენებლობის ნებართვა გაიცა: ის შეთანხმება, რომლითაც მშენებლობის კოეფიციენტები გაიზარდა და პარკში სასტუმროს მშენებლობა გახდა დასაშვები, უკანონო და საფუძველს მოკლებულია. "მერს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია და აქვს უფლებამოსილება ისევე გააუქმოს ის სპეციალური ნებართვა, როგორც ის თავის დროზე გიგი უგულავამ გასცა, ამისთვის მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო. ამას არანაირი სხვა, სამართლებრივი ბარიერი ხელს არ უშლის", - ამბობს ქალაქმგეგმარებელი.
სასამართლოს შემდეგ მერიასთან შეკრებილმა პარტიზანმა მებაღეებმა კი შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა მობილიზებულმა დაცვის სამსახურმა მათ ამის საშუალება არ მისცა. მარიამ ბაქრაძე ამბობს, რომ ისინი ხვალ ისევ შეიკრიბებიან.
“3 თებერვალს, 13:00 საათზე ჩვენ ისედაც ვაპირებდით მერიაში მოქალაქეების მიერ ხელმოწერილი პეტიციის, განცხადებების შეტანას, რომლითაც ვითხოვთ, სასტუმროს ტერიტორიის მუნიციპალურ საკუთრებაში დაბრუნებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 30 იანვარს გამართულ აქციაზეც ვითხოვდით კონკრეტულ პასუხს და შემდეგაც რამდენიმე სიტყვიერი დაპირება მივიღეთ შეხვედრის თაობაზე, ამ დრომდე არანაირი რეალური ნაბიჯი მერიის წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა. ამიტომ მოგვიწევს, ყოველდღე მოვიდეთ და შევახსენოთ ჩვენი არსებობის შესახებ” - ამბობს პარტიზანი მებაღე მარიამ ბაქრაძე.
რაც შეეხება უშუალოდ სასამართლო პროცესს, ამ საქმეში სასამართლომ უნდა იმსჯელოს, ცნოს თუ არა ბათილად თბილისის მერის 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულება და თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 სექტემბრის #909795 ბრძანება.
24 ივლისის განკარგულებით, თბილისის მერმა ი. ჭავჭავაძის გამზ. #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დაამტკიცა, რომლითაც ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები გაიზარდა.
ხოლო, 20 სექტემბრის ბრძანებით, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ჭავჭავაძის #68-ში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა.
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის დასაშვებობის შესახებ საქალაქო სასამართლოში რამდენიმე სარჩელი 2014 წლის გაზაფხულზე შევიდა. "პარტიზანი მებაღეების", ზურაბ ბაქრაძის, თემურ კალანდაძისა და „მწვანე ალტერნატივას“ სარჩელები ერთ საქმედ გაერთიანდა. ცალკე საქმედ რჩება თეა კუჭუხიძისა და „უსაფრთხო სივრცის“ მიერ შეტანილი სარჩელი, რომლის არსებითი განხილვაც ასევე ჯერ კიდევ არ დაწყებულა.