საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, როგორც შინაარსობრივად, ისე ფორმის თვალსაზრისით, წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლებასთან, ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნას და საბოლოო ჯამში, განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ განვითარებას, - სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს სოსო ჯაჭვლიანის კანონპროექტის შესახებ, რომლის მიხედვითაც მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარია. რელიგიური სიწმინდეებისა და საკულტო ნაგებობების წაბილწვა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო გამეორების შემთხვევაში - 1000 ლარით.
„შემოთავაზებული ფორმულირებებით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ერთადერთი კრიტერიუმია „მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“, რაც სრულიად მოკლებულია ობიექტური შეფასების შესაძლებლობას და ერთი ადამიანის გამოხატვას მთლიანად მეორე ადამიანის – მორწმუნის კონტროლის ქვეშ აქცევს, რასაც პრაქტიკულად აქვს მორწმუნეებისთვის პრივილეგიის მინიჭების ეფექტი. ამასთან, შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა ამ ნორმის საფუძველზე კანონის აღსრულებისას უნდა შეაფასონ რა შეიძლება იყოს „შეურაცხმყოფელი მორწმუნის გრძნობებისთვის“, რაც ამ ორგანოებს თვითნებობის ფართო შესაძლებლობას მიანიჭებს.
გარდა ამისა, „გრძნობების შეურაცხყოფა“ თავისთავად არ გამოდგება ფუნდამენტური უფლების შეზღუდვის საფუძვლად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ „პოზიციის, ფასეულობების, იდეების მიუღებლობა არ შეიძლება გახდეს ... გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ობიექტურად იდენტიფიცირებადი ინტერესები, მაგრამ არა სუბიექტური გრძნობები.“ (საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 1/3/421,422, 10 ნოემბერი, 2009, პარ. II.7).
რაც შეეხება საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკას, აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის თანახმად, „ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოება უნდა უშვებდეს ღია დებატებს იმ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია რელიგიასა და რელიგიურ რწმენებთან.“ საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს წევს სახელმწიფოებს რელიგიური შეურაცხყოფასთან დაკავშირებული ეროვნული კანონების გადახედვისკენ. ამავე რეზოლუციის მიხედვით „დემოკრატიულ საზოგადოებაში რელიგიურმა ჯგუფებმა, ისევე როგორც სხვა ჯგუფებმა, უნდა შეიწყნარონ კრიტიკული საჯარო განცხადებები და დებატები მათ საქმიანობასთან, სწავლებასა და რწმენასთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი კრიტიციზმი არ უტოლდება განზრახ და გაუმართლებელ შეურაცხყოფას ან სიძულვილის ენას და არ წარმოადგენს სიმშვიდის დარღვევისა და ძალადობის, კონკრეტული რელიგიის მიმდევართა წინააღმდეგ დისკრიმინაციის წახალისებას. საჯარო დებატები, დიალოგი და რელიგიური ჯგუფებისა და მედიის გაუმჯობესებული საკომუნიკაციო უნარები უნდა იქნეს გამოყენებული იმისათვის, რომ შემცირდეს მგრძნობელობა, როდესაც ის სცილდება გონივრულ ფარგლებს.“ აქვე აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის კოდექსი 2015 წელს შესული ცვლილებების შესაბამისად, დასჯად ქმედებად აცხადებს ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებას, რაც გულისხმობს რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდებას, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. შესაბამისად, არ არსებობს წარმოდგენილი ინიციატივის მიღების საფუძველი.
რუსეთში, სისხლის სამართლის კოდექსში მორწმუნეთა რწმენისა და გრძნობების შეურაცხყოფის აკრძალვისთვის ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ „რტიცლე 19“ განაცხადა: „კანონი არ აკმაყოფილებს „კანონიერების“ მოთხოვნას, რადგან ის შეიცავს გადამეტებულად ფართო და ბუნდოვან სამართლებრივ ტერმინებს, როგორიცაა „რელიგიური რწმენისა და გრძნობების შეურაცხყოფა“, „რელიგიური მსახურების დამცირება“ და „რელიგიური ლიტერატურა“. ამ ტერმინების ბუნდოვანება და სუბიექტური ხასიათი შეიძლება საფუძვლად დაედოს თვითნებურ განმარტებას და ბოროტად გამოყენებას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.“ (Russia: Pussy Riot Inspired Blasphemy Law Threat to Free Expression, 01/7/2013). იგივე დასკვნა შეიძლება გავრცელდეს შემოთავაზებულ ნორმაზეც, რომელიც იდენტურ, ბუნდოვან კატეგორიებს შეიცავს, მაშინ როდესაც დამკვიდრებული სტანდარტის თანახმად, გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ნორმა უნდა იყოს „ნათელი და განჭვრეტადი და ვიწროდ მიზანმიმართული“ იმისთვის, რომ კონსტიტუციურად ჩაითვალოს. (საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 1/3/421,422, 10 ნოემბერი, 2009, პარ. II.7)
ღია და დაუბრკოლებელი საჯარო განხილვა საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე დემოკრატიისთვის და მოქალაქეების მიერ თვითმმართველობის რეალური შესაძლებლობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის სიკეთეა. როდესაც გამოხატვის თავისუფლება იზღუდება სხვათა უფლებების დაცვის სახელით, მნიშვნელოვანია კონკრეტული გამოხატვის მნიშვნელობის გათვალისწინება საზოგადოებრივი დისკურსისთვის. საზოგადოებაში, სადაც რელიგიური ორგანიზაციები განსაკუთრებით ძლიერი და გავლენიანია, ძალიან მნიშნველოვანია, რომ ადამიანებს ქონდეთ ამ ორგანიზაციების, მათი წარმომადგენლების და მიმდევრების მიმართ საკუთარი, თუნდაც მიუღებელი აზრების გამოხატვის უფლება. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა არამორწმუნეებისთვის, რომ მათთვისაც არსებობდეს კერძო და საჯარო სფეროში თვითრეალიზაციის შესაძლებლობა.
საზოგადოებაში პლურალიზმის ხელშეწყობისა და განსხვავებული შეხედულებებისადმი პატივისცემის წახალისების ნაცვლად, შემოთავაზებულმა ნორმამ რელიგიურ გაერთიანებებსა და სხვადასხვა რწმენისა და შეხედულებების მქონე პირებს შორის წინააღმდეგობა შეიძლება გაამწვავოს.
საგულისხმოა, რომ მსგავსი ინიციატივა არ არის ახალი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთვის. სამოქალაქო საზოგადოების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა 2013 წელს, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებას, რომელიც სამართალდარღვევად აცხადებდა ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლას. აღნიშნული ინიციატივა უარყოფითად შეაფასეს საქართველოს სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველთან არსებულმარელიგიათა საბჭომ. შედეგად, პარლამენტმა არ გაითვალისწინა განსახილველი ინიციატივა.
იმის გათვალისწინებით, რომ შემოთავაზებული ნორმით მიღებული სიკეთე ძალიან საეჭვოა, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მიყენებული ზიანი კი ერთმნიშვნელოვანი, ნორმა წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციულ შეზღუდვას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის, აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო აქტებით დადგენილ გარანტიებს. შესაბამისად, აღნიშნული საფრთხეების გამო საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს მიმართავს უარი თქვას ამ ფორმისა და შინაარსის მქონე კანონპროექტის მიღებაზე“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.